გამაოგნებელი და სკანდალური ფაქტების გასაჯაროვების მიუხედავად, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი ისევ ხელშეუხებელია. ძალადობრივ გარემოში ამ დრომდე უამრავი ბავშვი რჩება, თუმცა ზუსტად რამდენი - არავინ იცის. როგორც ირკვევა, პანსიონში სახელმწიფოს გვერდის ავლით არაერთი მოზარდია მიღებული. ის ბავშვები კი, რომლებმაც თავი დააღწიეს პანსიონს, იქ არსებულ გაუსაძლის ვითარებაზე ალაპარაკდნენ. 4-შვილიანი ოჯახის 2 მცირეწლოვანი წევრი ყვება, დასჯის როგორ სასტიკ მეთოდებს იყენებდნენ ბავშვების წინააღმდეგ წლების განმავლობაში და კონკრეტულ გვარებსაც ასახელებენ.
"მთავართან" სისტემა კიდევ ერთმა მოზარდმა ამხილა, აღსაზრდელმა, რომელმაც ძალადობას და არაადამიანურ მოპყრობას თავი 13 წლის შემდეგ დააღწია.
სასტიკი მოპყრობის შესახებ, ბავშვებმა, ვინც გუშინ პანსიონატს თავი დააღწია სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიასაც მოუყვნენ. ლომჯარიას თქმით, ბავშვებზე ძირითადად 4-დან 9 წლის ასაკამდე ძალადობდნენ, ხშირად ცალ ფეხზე დგომით სჯიდნენ, ასევე საკვებს არ აძლევდნენ ან ღამის განმავლობაში ძილის გარეშე ტოვებდნენ.
ერთია რას ამბობენ ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვნები, სახალხო დამცველი და მეორე, რას აკეთებს სახელმწიფო? უკვე ორი დღეა სასამართლო განჩინება, რომელიც დაუყოვნებლივ აღსრულებას ემსახურება არ სრულდება და ნინოწმინდის პანსიონატში კვლავ არაერთი მოზარდი რჩება. მაგრამ კონკრეტულად რამდენი ბავშვი შესაძლოა იყოს ისევ ძალადობრივ გარემოში ამის დადგენა შეუძლებელია, რადგან როგორც აღმოჩნდა მეუფე სპირიდონმა სახელმწიფოს გვერდის ავლით პანსიონატში არაერთი მოზარდი მიიღო.
სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება კი იგვიანებს, პანსიონატიდან ჯერ 20 ბავშვია გამოყვანილი, მათი უმრავლესობა ოჯახთან და ოჯახურ გარემოშია გადაყვანილი. მაგრამ არაერთი მოზარდი ისევ მეუფე სპირიდონთან პანსიონში რჩება.