ნინოწმინდის პანსიონის ბენეფიციარებზე ზეწოლა მიმდინარეობს, რომ ჩვენება არ მისცენ - ომბუდსმენი

გამოქვეყნდა:

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, ნინოწმინდის პანსიონის ყოფილ და მოქმედ ბენეფციარებზე ზეწოლა ხორციელდება, რათა მათ მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს ჩვენება არ მისცენ.

კერძოდ, ლომჯარიას ინფორმაციით, სახალხო დამცველის აპარატს ნინოწმ​ინდის პანსიონში მცხოვრები ყოფილი ბენეფიციარი დაუკავშირდა, რომელიც ამჟამად საპატრიარქოს მიერ დაქვემდებარებულ ხიჭაურის უნივერსიტეტში ირიცხება. არასრულწლოვანმა რამდენიმე დღის წინ გადაწყვიტა, რომ საგამოძიებო უწყებებისთვის ნინოწმინდის პანსიონში არსებული ძალადობის ფაქტების შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინა, თუმცა მას შემდეგ, რაც ის პოლიციიდან დაბრუნდა, უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მას ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს.

როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, არასრულწლოვნის ერთადერთი საცხოვრებელი, სწორედ უნივერსიტეტი იყო, წუხანდელი ღამის გათენება მას ერთ-ერთი ადგილობრივის სახლში მოუწია, ამჟამად კი ის ღია ცის ქვეშ არის დატოვებული.

ნინო ლომჯარიას თქმით, სახელმწიფო უწყებებთან ერთად სახალხო აპარატი მუშაობს, რომ მისთვის თავშესაფარი გამოიძებნოს.

ამას გარდა, სახალხო დამცველი ამბობს, რომ ზეწოლა მიმდინარეობს ბენეფიციარების როგორც სრულწლოვან, ისე არასრულწლოვან წევრებზე, რათა მათ საგამოძიებო უწყებებს ჩვენება არ მისცენ.

ომბუდსმენი შესაბამის უწყებებს ფაქტების დაინტერესებისა და გამოძიებისკენ მოუწოდებს.

"სახალხო დამცველის აპარატი იღებს შეტყობინებებს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მოქმედი თუ ყოფილი აღსაზრდელებისგან, რომ მათზე მიმდინარეობს სერიოზული ზეწოლა, რომ მათ არ მისცენ ჩვენებები სამართალდამცავ ორგანოებს მათ მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტების შესახებ, რასაც ადგილი ჰქონდა ნინოწმინდის პანსიონში ცხოვრების დროს",-თქვა ნინო ლომჯარიამ.

ნინოწმინდის ბავშთა პანსიონიდან ბავშვების გაყვანის პროცესი 6 ივნისიდან, მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ PHR-ის სარჩელი დააკმაყოფილა. ორგანიზაცია პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გაყვანას მოითხოვდა. საპატრიარქო, სარჩელის გასაჩივრებას აპირებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი