5 მოწყობილობა, რომელსაც დეკანოზი ანტონი ვაქცინაციის შემდეგ ბლუთუზით დაუკავშირდებოდა

გამოქვეყნდა:

ავტორის შენიშვნა: ტექსტი მთლიანად არის იუმორისტულ-სარკასტული. ქვემოთ მოყვანილი დებულებები არ გამოხატავს არც ავტორისა და არც "მთავარი არხის" პოზიციებს. 

საქართველოს ხელისუფლების ყველაზე წარმატებული ვაქცინაციისა და წელში გადატეხილი ანტივაქსერული კამპანიის პარალელურად, მეტეხის ტაძრის მოძღვარი დეკანოზი ანტონ კიკნაველიძე მეტად კონტრადიქტორულ, შეიძლება-მთელ-ერს-გვტროლავს განცხადებას აკეთებს.

"ისინი, ვინც აცრების რიგში დგახართ და ხსნას ვაქცინაციაში ხედავთ. გთხოვთ, ასჯერ დაფიქრდით და სიფრთხილით მოეკიდეთ მსგავს გადაწყვეტილებას. მოუფრთხილდით საკუთარ ფიზიკურ და სულიერ ჯანმრთელობას. როცა გავიგე, ერთი ფრიად საგულისხმო ამბავი, დავტესტე და შიში გამიმართლდა - ვაქცინირებულებს იჭერს ბლუთუზი. ნეტავ რატომ (წინასწარმეტყველება ხომ არ გაგახსენდათ)? - წერს დეკანოზი.

თუ თქვენც ჩინური სინოფარმით აიცერით და ბოლო დროს სხვადასხვა მოწყობილობებთან ბლუთუზურ კავშირს გრძნობთ, სპეციალურად თქვენთვისა და მამა ანტონისთვის ხუთი საუკეთესო მოწყობილობა შევარჩიეთ, რომელსაც დიდი სიამოვნებით დავუკავშირდები მეც, როგორც კი მეორე დოზას გავიკეთებ და სრულად ვაქცინირებულად ჩავითვლები.

აქვე გამოგიტყდებით, რომ დეკანოზამდე მეც ვცადე "მარშალის" დინამიკთან ბლუთუზით დაკავშირება, თუმცა, რადგანაც ერთი დოზა მაქვს გაკეთებული, ამიტომ კავშირი სუსტი იყო და ხმა წყვეტილად ისმოდა. არ ვიცი, ანტონმა WiFi Direct თუ დატესტა, მაგრამ მეორე დოზის გაკეთების შემდეგ მე აუცილებლად გავაკეთებ ამას. თუ ეს კავშირი შედგა, მერე უკვე თავისუფლად შემეძლება ფაილები ჩავიწერო, ჩემი ფიქრები კომპიუტერს გავუგზავნო და ტვინით დავრეკო 144-ზე, რომ კბილის ტკივილის გამაყუჩებლისთვის 10 წუთიანი საშვი 2 საათში მომცენ.

მოდი, ბევრი აღარ გავაგრძელოთ და ვნახოთ, რას გვთავაზობს მულტიტრილიონ დოლარიანი ტექ-ინდუსტრია აცრილებსა და მამა ანტონს:

1. Apple AirTags

როგორც იცით, ვაქცინაციის შემდეგ ტვინში შესული ჩიპი მეხსიერებას აქვეითებს, ამიტომ ხშირად გვავიწყდება ხოლმე, სად დავდეთ პულტი, ვერ ვპოულობთ მანქანის გასაღებს, მოულოდნელად გვეკარგება ტელეფონის დამტენი და ა.შ. ამიტომ, 2 ტრილიონზე მეტი ღირებულების მქონე ტექნოლოგიურმა გიგანტმა Apple-მა ამ პრობლემის გადაჭრის გზაც გვაჩვენა.

AirTag პორტატული მოწყობილობაა, რომელიც თქვენს iPhone-ს ან ვაქცინის ჩიპს ბლუთუზით უკავშირდება. ის შეგიძლიათ ნებისმიერ ნივთს ბრელოკივით ჩამოჰკიდოთ და ამ ნივთის დაკარგვა თავს აღარასდროს აგატკიებთ. ერთი ცალის ფასი $29-ია და მისი შეძენა Apple-ის ოფიციალურ მაღაზიაში ან საქართველოში (უფრო ძვირად, ცხადია) შეგიძლიათ. 

დეკანოზ ანტონს შეუძლია ეს მოწყობილობა მრავალ ნივთს ჩამოჰკიდოს, იქნება ეს ლენდ-კრუიზერის გასაღები თუ უბრალოდ საცეცხლური, და დაკარგვის შემთხვევაში, სმარტფონის გარეშე, სხეულით იპოვოს ისინი.

2. ბლუთუზზე მომუშავე თითის ანაბეჭდის ბოქლომი

როდესაც ბლუთუზ მოწყობილობებზეა საუბარი, ყველა ჩვენგანს პორტატული დინამიკები, სმარტ საათები და მსგავსი პროდუქტები გვახსენდება (ალბათ, მამა ანტონმაც ასეთ მოწყობილობაზე დატესტა). თუმცა, ბოლო ხანებში შეიქმნა ბოქლომი, რომლის გახსნაც დისტანციურად თითის ანაბეჭდით შეგიძლიათ. ამისათვის ორი რამ გჭირდებათ: ვაქცინაცია და ეს მოწყობილობა. ამ პროდუქტის აპლიკაციას ჩაიწერთ სხეულში და როცა მოგინდებათ გახსნა, მიადებთ დარეგისტრირებულ თითს და გახსნით ბოქლომს. თუმცა, უცნობია, ზუსტად სად უნდა მიიდოთ თითი.

განსხვავებით კლასიკური ბოქლომებისა, რომლებიც ან გასაღებზე მუშაობს, ანდაც რიცხვთა კომბინაციაზე, ეს ბევრად მარტივი და უსაფრთხო გამოსავალია. მამა ანტონს შეუძლია დისტანციურად გაუღოს ღვთის კარი მრევლს და, მეტიც, დისტანციურად იქადაგოს. როგორ? ნახეთ შემდეგი პროდუქტი!

3. პორტატული დინამიკი Marshall Killburn 2

დისტანციურად გახსნილ ტაძარში დისტანციური ქადაგება უნდა იყოს. ამიტომ, პორტატული დინამიკი „მარშალი“ ამისი საუკეთესო გამოსავალია. მართალია, ამ მოწყობილობას ბლუთუზის დაჭერის დიაპაზონი არც ისეთი მაღალი აქვს, თუმცა, ამას „სინოფარმი“ აკომპენსირებს. როგორც ბოლო კვლევებმა ცხადყო, ჩინური ვაქცინის ბლუთუზ მიმღები წარმოუდგენელ მანძილებზე იჭერს.

მეც სწორედ ამ მოწყობილობაზე დავტესტე ბლუთუზი და, როგორც ზემოთ აღვნიშნე, არც ისე ხარისხიანად იმუშავა. ამიტომ მოუთმენლად ველოდები პროგრამულ განახლებას (ანუ მეორე დოზას), რომ სრული სიამოვნება მივიღო.

4. Amazon Alexa

ონლაინ გაყიდვების მსოფლიო ლიდერმა გიგანტურმა კომპანია „ამაზონმა“ ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე ჭკვიანი ასისტენტი გამოუშვა, რომლის დახმარებითაც შეგიძლიათ ყველაფერი გაიგოთ/გააკეთოთ. მაგალითად, შუქის ჩაქრობა დაგავიწყდათ და ადგომა გეზარებათ? უთხარით „ალექსას“, რომ გამორთოს სინათლე და ის ამას წამებში გააკეთებს. მოიწყინეთ? „ალექსა“ ხუმრობას გეტყვით, მაგრამ იმის პირობას ვერ მოგცემთ, რომ გაგეცინებათ, თუმცა, ეცდება.

ამ ჭკვიან მოწყობილობასთან დაკავშირება რაღა თქმა უნდა ბლუთუზით ხდება. წარმოიდგინეთ, რა მაგარი იქნება, როცა სახლში ან საკურთხეველში მარტო იმყოფებით და სინოფარმაცრილი ისე ესაუბრებით „ალექსას“, რომ ხმას არც კი იღებთ! ჩინური ვაქცინის წყალობით, შეგიძლიათ მუდმივი კონტაქტი გქონდეთ ამ ხელოვნურ ინტელექტთან. ამის მერე მოწყენა კი საკმაოდ რთულია.

5. სმარტ-სანთელი

ტექნოლოგიების უპრეცედენტო სიჩქარით განვითარებასთან ერთად, ყველა კომპანია თუ დაწესებულება ცდილობს, ციფრულ პლატფორმაზე გადაინაცვლოს. ვინც ფეხს უწყობს ამ სისწრაფეს, ის თავს იმკვიდრებს ყველგან, ვინც არა და - იძირება.

სწორედ ამიტომ, მომხმარებლების მოთხოვნამ ბაზარზე ბლუთუზზე მომუშავე სანთელი გააჩინა. რა უნდა იყოს იმაზე ეკოლოგიური, სუფთა და იაფი, ვიდრე ელექტრო სანთელია? თან რომელსაც ბლუთუზით საკუთარი სხეულითვე (ან თუ ვაქცინირებული არ ხარ, სმარტფონით) უკავშირდები და სურვილისამებრ ანთებ? 

ამიტომ, ვფიქრობ, დეკანოზისთვის ეს საუკეთესო შენაძენი იქნება, თან სულ რაღაც $22-ად შეგიძლიათ ნახოთ "ამაზონზე".

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი