ოფშორული კომპანიები საქართველოში: ბიზნეს ინტერესები და კორუფციის რისკები - ამ სახელწოდებით, ვრცელ კვლევას აქვეყნებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა"
ორგანიზაციის კვლევით, საქართველოს სამეწარმეო რეესტრში 3,200-მდე კომპანიაა რეგისტრირებული, რომელთა მთლიანი, ან გარკვეული წილის მფლობელი ოფშორში რეგისტრირებული კომპანიაა.
TI-ს ცნობით, ოფშორში საკუთარ კომპანიებს ძირითადად მაღალი თანამდებობის პირები არეგისტრირებენ, რადგან კანონით მათ ბიზნეს საქმიანობა ეკრძალებათ და ასეთი კომპანიების ანონიმური მფლობელობა ქვეყანაში „ელიტური კორუფციის“ ხელშემწყობი ფაქტორია.
"ვინაიდან სახელმწიფო სექტორში დასაქმებულ მაღალი თანამდებობის პირებს ბიზნეს საქმიანობა ეზღუდებათ, შესაძლოა, კონფიდენციალურობის შესანარჩუნებლად ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიებს იყენებდნენ. ეს მათ სახელმწიფო პროექტებში, პრივატიზაციაში და სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის საშუალებასაც მისცემს." - ნათქვამია გამჭვირვალობის ანგარიშში.
ოფშორებში რეგისტრირებული კომპანიები ფლობენ „თბილისი ენერჯის“, „ბილაინს“, „აიდიეს ბორჯომს“, „ჭიათურმანგანუმ ჯორჯიას“, „რუსთავის ფოლადს“, „სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგს“, „ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალს“, „რუსთავის ავტობაზრობას“, „ფოთის მარცვლეულის ტერმინალს“, „სუფთა სახლს“ და სხვა 160-მდე მსხვილი და საშუალო ზომის საწარმოს.
TI-ს კვლევით, მოხერხდა ისეთი 11* ოფშორული კომპანიის იდენტიფიცირება, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან არის დაკავშირებული. ეს 11* კომპანია, თავის მხრივ, 27 ქართულ კომპანიას ფლობს.