9 წელი 13 ივნისის ტრაგედიიდან | ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ღამის ქრონოლოგია

გამოქვეყნდა:

9 წელი 13 ივნისის ტრაგედიიდან - 2015 წელს, ზაფხულის წვიმა დიდი სტიქიის მიზეზი გახდა. ადიდდა მდინარე ვერე, რის შემდეგ განვითარებულ მოვლენებსაც 21 ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დღემდე უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება. 

მივყვეთ ქრონოლოგიურად: 

ყველაფერი 23:35 საათზე დაიწყო - სტიქიას საფუძველი თრიალეთის ქედის კალთებზე ჩაეყარა. წყნეთი-ბეთანიის გზაზე მეწყერი ჩამოწვა, დაცურდა კლდის მთლიანი ფენა. სპეციალისტები იხსენებენ, რომ მთას დაახლოებით 1,2 მილიონი კუბური მეტრი მიწის მასა მოწყდა. ჩამოშლილმა მიწამ გზის 650-მეტრიანი მონაკვეთიც წაიღო. ღვარცოფი დედაქალაქისკენ დაიძრა. მას თბილისამდე 10 კილომეტრი აშორებდა. 

23:50 - დაძრულმა მასამ მდინარის გამტარი გვირაბი გაჭედა, რომელიც მალევე მდინარემ გაარღვია. გვირაში გაიჭედა ერთი მანქანაც. წყლის მასამ თანდათან მოიმატა, გართულდა მოძრაობა და წყალმაც ნელ-ნელა ყველაფერი დაფარა, მათ შორის - სახლები. 

ამ დრომდე, ახალ გზაზე მოძრაობა ჩვეულებრივად გრძელდება. გვირაბთან მიმდინარე მოვლენები ამ დრომდე არავინ იცის. 

00:35 - როდესაც ვერეს ხეობაში მაშველები მივიდნენ, ადგილობრივი ივლიტა ჯიბუტი, მეუღლესთან და მეგობრებთან ერთად დახმარებას ითხოვდა. მათ დასახმარებლად მაშველები წყალში შევიდნენ. ამ დროს წყალს სახლი უკვე გატაცებული აქვს, ივლიტას მეუღლე ხეს ეჭიდება და იქვე მყოფ გოგოებს ხელით იჭერს. თუმცა, ცოტა ხანში მოვარდნილმა წყალმა სამივე გოგო გაიტაცა. ივლიტას მეუღლე კი მაშველებმა გადაარჩინეს... 

00:40 - იძაბება მოვლენები სვანიძის ქუჩაზეც. სულ მალე წყლის მასა წყნეთის ქუჩის მიმართულებით დაიძრა. წყალმა მომატება დაიწყო. ღვარცოფი მტკვართან დაამკავშირებელ გვირაბს დაეჯახა, ჩახერგა და ტალახში შერეულმა მასამ დაგუბება დაიწყო. რამდენიმე წუთში წყლის დონემ 10 მეტრს მიაღწია და გვირაბის ზევიდან გადავიდა.

განსაკუთრებით დრამატულად კი მოვლენები ახალ გზაზე განვითარდა.

მდინარე ვერეს ხეობაში მყოფი ადამიანები საფრთხის პირისპირ აღმოჩნდნენ. ხეობაში მოვარდნილმა წყალმა მობინადრეებთან ერთად წაიღო სახლებიც. სამაშველო ოპერაციისას ერთი მაშველი, ზურაბ მუზაშვილი ადგილზე დაიღუპა. ცნობილი ხდება, რომ საკუთარი სიცოცხლის სანაცვლოდ, ტრაგედიის ღამეს, მან 7 ადამიანი გადაარჩინა.

02:30 - წყალმა მთლიანად დაფარა ზოოპარკი. მოვარდნილ ღვარცოფს მისი სამი თანამშრომლი ემსხვერპლა. ზოოპარკის 600 მობინადრიდან ცხოველების ნახევარი დაიხრჩო, ნაწილმა კი გაქცევა შეძლო. შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებმა ქალაქში სპეციალური დანიშნულების რაზმები გამოიყვანა იმისთვის, რომ 
მტაცებლებს ადამიანების სიცოცხლისთვის საფრთხე არ შეექმნათ.

მეორე დილას, სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო/ვიდეო, სადაც ღვარცოფის დროს, ზოოპარკის ტერიტორიაზე არსებული ორსართულიანი სახლის კონდიციონერზე შემომჯდარი დათვის ბელია ასახული. 

წყალდიდობის შემდეგ, ქუჩებში 5 ლომი, 6 ვეფხვი, 6 დათვი და 13 მგელი აღმოჩნდა. დღის განმავლობაში, ქალაქში ვნახეთ ბეჰემოტი ბეგი, რომელიც ამ დღის სიმბოლო გახდა და მსოფლიოს ყველა წამყვანი მედიასაშუალების ობიექტივშიც მოექცა. 

თბილისში რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ დაკარგულ ვეფხვებს... ზოოპარკიდან გაქცეულმა ვეფხვმა ერთი ადამიანი იმსხვერპლა.

13 ივნისის ტრაგიკული მოვლენები დაახლოებით 3 საათს გაგრძელდა. ამის შემდეგ, მდინარემ გვირაბის გარღვევა შეძლო და მტკვარს შეუერთდა. 

13 ივნისს გარდაცვლილები:

  1. ნუგზარ ბუაძე;
  2. დავით გაბიტაშვილი;
  3. ჟანა ეგიაზაროვა;
  4. ნანა ფილიშვილი;
  5. ელზა ზარანდია;
  6. ინდირა ზარანდია;
  7. გურამ პეტრიაშვილი;
  8. მარიამ ქუთელია;
  9. ნინა შუტკოვა;
  10. ივლიტა ჯიბუტი;
  11. ნატა ნინაშვილი;
  12. სულიკო ნოზაძე;
  13. ზურაბ მუზაშვილი;
  14. კარპო ენუქიძე;
  15. ოთარ ცუხიშვილი;
  16. ელიზბარ ბაღაშვილი;
  17. გივი დვალი;
  18. ლიანა ეგიაზაროვა;
  19. სვეტრალა ეგიაზაროვა;
  20. მალხაზ ჭიტაძე;
  21. გულიკო ჭიტაძე.

13 ივნისს დაკარგულები:

  1. სერგო კაპანაძე;
  2. ბექა ბუთურიშვილი.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ 13 ივნისს ერთმანეთს 9 გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენა დაემთხვა. მათ შორის მეწყერი, ღვარცოფი, უხვი ნალექი და წყალმოვარდნა. საერთო ჯამში, თბილისს 100-მილიონიანი ზარალი მიადგა. 

მანამდე კი, მდინარე ვერე 1960 და 1963 წელს, ასევე 1972 და 1995 წლებშიც ადიდდა. 1972 წელს ზოოპარკი მთლიანად დაიტბორა, წყლის ნაკადმა საცხოვრებელი სახლები დაფარა და ავტომანქანები მტკვარში ჩაიტანა. იყო მსხვერპლიც. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი