საჭიროა წინსვლა და ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვების ინტერესებია - ჰარცელი ნინოწმინდის პანსიონზე

გამოქვეყნდა:

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით საპატრიარქოში შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა. 

მისი თქმით, ყველა მხარის ინტერესია, რომ ბავშვების საუკეთესო ინტერესებზე იმუშაონ და დარწმუნდნენ , რომ ყველა ბავშვს, ვინც პანსიონი უკვე დატოვა და მათაც, ვინც ჯერ კიდევ იქაა, შესაბამისი ფსიქოლოგიური და ფინანსური დახმარება გაუწიონ, ამასთან მნიშვნელოვანია, რომ მათი უფლებები სრულად იყოს დაცული.

ჰარცელმა ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრაზე საუბარი მომავალ სტრატეგიასაც შეეხო.

რა თქმა უნდა შეხვედრის მთავარი თემა ნინოწმინდაში მიმდინარე მოვლენები იყო. თითოეული მხარის ძალიან ნათელი პასუხი იყო, რომ საჭიროა წინსვლა და ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვების ინტერესებია, რომლებიც კვლავ იქ ცხოვრობენ. მათ კი ვინც დატოვეს, სჭირდებათ ფინანსური და ფსიქოლოგიური დახმარება - თქვა ჰარცელმა.

ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა გაეროს წარმომადგენელმაც. მისი თქმით, შეხვედრაზე ყველა თანხმდება, რომ პრიორიტეტი ბავშვების უფლებები და მათი საუკეთესო ინტერესია. როგორც გაეროს წარმომადგენელმა აღნიშნა, დიდი დაწესებულებიდან ყველა ბავშვი თავის ბიოლოგიურ ოჯახში უნდა გადაიყვანონ, ბიოლოგიური ოჯახის არარსებობის შემთხვევაში კი ოჯახთან მიახლოებულ გარემოში.

გაეროს წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ პროცესი მხოლოდ ერთ ინსტიტუციაზე არ უნდა გაჩერდეს და ქვეყნის მასშტაბით, ყველა დიდი ზომის დაწესებულება ბავშვთა უფლებების საერთაშორისო სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი