კრწანისის ქუჩაზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებული 3 პირი მკურნალობას აგრძელებს. დაშავებულებს შორის დედა-შვილიც არიან. "ნიუ ჰოსპიტალსის" კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ვახტანგ კალოიანის თქმით, დაშავებულების მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური.
"დღესდღეობით კლინიკაში მკურნალობას აგრძელებს 3 პაციენტი, 2 მოზრდილი და ერთი ბავშვი. მათი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური. ისინი იმყოფებიან ინტენსიური მკურნალობის ქვეშ, ამ ეტაპზე მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", - თქვა ვახტანგ კალოიანმა.
შეგახსენებთ, რომ ავარიის დროს დაშავებული კიდევ ერთი პირი გუშინ ღამით გარდაიცვალა. ექიმის ინფორმაციით, მას მძიმე დაზიანებები ჰქონდა და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა.
ავტოსაგზაო შემთხვევა ორთაჭალაში შაბათს, 12 ივნისს მოხდა, არსებული ინფორმაციით, სატვირთო ამობრუნდა და მსუბუქი მანქანები მოიყოლა. დაშავდა 8 ადამიანი, დაიღუპა 3.