მრავალჯერ გაყიდული ბინები და გადაყრილი ფული - ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენის თაღლითური სქემა

გამოქვეყნდა:

თაღლითობისთვის გასამართლებული და "ქართული ოცნების" მიერ პოლიტპატიმრის სტატუსით ციხიდან გათავისუფლებული ბიზნესმენის მსხვერპლი ოჯახები.

სამშენებლო კომპანია "დელუქს დეველოპმენტმა" ხალხი მარტივი თაღლითური გზით მოატყუა და ერთი ბინა რამდენჯერმე სხვადასხვა ადამიანზე გაყიდა. 

კომპანიის კლიენტებმა კი, რომლებიც ბინის საფასურს წლების განმავლობაში იხდიდნენ, აღმოაჩინეს, რომ მათ საკუთრებას სხვა მფლობელებიც ჰყავს და კოლოსალური თანხა ჰაერში გადაიხადეს.  

"დელუქს დეველოპმენტის" მფლობელი ალექსანდრე ახალკაცია. მისი საქმე ამ დრომდე გამოძიებაშია, თუმცა ბიძინა ივანიშვილთან ახლობლობის გამო ახალკაცი ხელშეუხებელია.

დაზარალებულებმა კი  ხელშეკრულების გაფორმებიდან რამდენიმე თვეში აღმოაჩინეს, რომ 11–სართულიან კორპუსში ყველა ბინა რამდენჯერმეა გაყიდული. 

ერთ-ერთმა დაზარალებულმა ცაცო თვალიაშვილმა მხოლოდ მას შემდეგ გაარკვია, რომ 25 ათას დოლარად ჰაერი იყიდა, რაც იუსტიციის სახლში მისი საკუთრების დარეგისტრირება მოინდომა. თვალიაშვილს იქ უთხრეს, რომ მსგავსი ფართი არ არსებობს. თანხას კი უკან არავინ უბრუნებს. 

ასე გამოდის რომ ჰაერი ვიყიდე. 64 კვადრატული მეტრი შევიძინე და იუსტიციის სამინისტრომ დამირეკა და მითხრა, როგორ გაგიფორმო, არ არსებობს ეგ ფართიო. 25 ათას 700 დოლარი მაქვს მიცემული. დავკარგე ეს ფული, არ ვიცი, როგორ უნდა ვიცოცხლო. წამლები ვიყიდე ეხლა, ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვარ. აბა, 25 ათასი ციდან ხომ არ მოდის. გაჭირვებით ნაშოვნი, ნაწვალები, -  ამბობს ცაცო თვალიაშვილი.

"დელუქს დეველოპმენტის" დირექტორი ალექსანდრე ახალკაცი, რომელიც წინა ხელისუფლების დროს თაღლითობისა და ხულიგნობისთვის იყო დაპატიმრებული, 2012 წლის შემდეგ ციხიდან პოლიტპატიმრის სტატუსით გამოვიდა. ის ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით და გოგა ხაინდრავას რეჟისორობით გადაღებული "ჰეროკრატია" მისი სცენარის მიხედვით გადაიღეს. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, მას ჯერ არასამთავრობო ორგანიზაცია ჰქონდა, შემდეგ კი სამშენებლო ბიზნესით დაკავდა. ახალკაცი ამბობს, რომ "ქართულმა ოცნებამ" მას 2016 წლის საპარლამენტო სიაში ჩასმაც კი შესთავაზა. 

ახალკაცს არც მობინადრეების მიერ პოლიციაში შეტანილი სარჩელის და დაწყებული გამოძიების ეშინია. ძიება კი უკვე სამი თვეა, მიმდინარეობს და კომპანიის დირექტორი გამოკითხულიც არ არის, არც კომპანიაა დაყადაღებული. ალექსანდრე ახალკაცი კი არაერთხელ გაყიდულ ბინებს, საქმის ძიების პროცესში, კიდევ ყიდის, თავად კი ყველაფერს უარყოფს. 

საქმე სასამართლომდე არ მიდის. ისანი–სამგორის პოლიცია უკვე სამი თვეა გამოძიებას აწარმოებს და აშკარა ფაქტების მიუხედავად, დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავს.

"დელუქს დეველოპმენტი" კორპუსებს საქართველოს სხვა ქალაქებშიც აშენებს. ბათუმსა და ქობულეთში კომპანიას ანალოგიური პრობლემები აქვს. მობინადრეები კომპანიას აქაც თაღლითობაში ადანაშაულებენ, თუმცა გამოძიება უკვე სამი თვეა მტკიცებულებებს ვერ პოულობს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი