ეროვნული გამოცდები ქვეყანაში უცვლელად ჩატარდება. ჩხენკელის უწყება ჯერ ისევ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებს ელოდება, თუმცა ამ ეტაპზე რაც ცნობილია ის არის, რომ აბიტურიენტებს საგამოცდო ცენტრებში დისტანციის დაცვა მოუწევთ, 10 მოზარდზე მეტი თითო ოთახში არ დაიშვება. საგამოცდო პროგრამაში ცვლილებები არ განხორციელდება.
განათლების სამინისტროს შეთავაზება ბუნდოვანია განათლების ექსპერტებისთვის. სპეციალისტები მეტ კონკრეტიკას ითხოვენ და ამბობენ რომ სისტემაში არსებული ბევრი ხარვეზის ფონზე მთავრობას უფრო მკაფიოდ უნდა ეთქვა რას სთავაზობს სკოლის მოსწავლეს და სტუდენტს.
განსაკუთრებული კრიტიკა განათლების ხელმშემწყობი ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციის მიმართ ოპოზიციაში მოყვა. მთავრობის ოპონენტები ამბობენ, რომ ცვლილებები ხელისუფლებამ მოქალაქეების ინტერესების საწინააღმდეგოდ მიიღო. მაშინ როცა ონლაინ სწავლება რეგიონების ნაწილისთვის უხარიხსოდ მიმდნარეობდა, მათი შეცვლა ტელეგაკვეთილებით კატეგორიულად მიუღებელია. ოპოზიცია ქართული ოცნების მთავრობას რეკომენდაციებს სთავაზობს, როგორ უნდა მართოს განათლების სისტემა კრიზისის პირობებში.
განათლების ხელმშემწყობი ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, პანდეემიის მიუხედავად სასწავლო წელი ქვეყანაში 15 ივნისს დასრულდება, აბიტურიენტები კი სწავლას 20 მაისს დაამთავრებენ. ეროვნული გამოცდების თარიღი ივნისის შუა რიცხვებში გახდება ცნობილი. წელს სკოლას 40 ათასზე მეტი მეთორმეტეკლასელი დაამთავრებს.