ქალთა ჩართულობის გარეშე, დილის 03:30 ნახევარზე რამდენიმე მამაკაცმა გადაწყვიტა, ასე ერთი ხელის მოსმით წაგვართვას თანასწორობის უფლება - „ქალთა მოძრაობისა“ და ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლები კვოტირებაზე დაგეგმილ ცვლილებებს აპროტესტებენ.
"დიდი ბრძოლის შედეგს ერთი ხელის მოსმით აუქმებს „ქართული ოცნება“ და როდის გააკეთა ეს?!- საკომიტეტო მოსმენაზე, რომელიც შუადღის 4 საათიდან დილის 04:00 საათზე მიმდინარეობდა. როცა უკვე შეუძლებელი იყო ამ პროცესში ჩართულობა. მე პარლამენტი დავტოვე იმ დღეს დილის სამის ნახევარზე. იმ დროს, როცა ეს საკითხი დაისვა უმრავლესობის წევრის მხრიდან, დარბაზში არ იჯდა არც ერთი ქალი და ეს არის ყველაზე ნათელი მაგალითი იმისა, რომ ქალთა ჩართულობის გარეშე, დილის 03:30 ნახევარზე რამდენიმე მამაკაცმა გადაწყვიტა, ასე ერთი ხელის მოსმით წაგვართვას თანასწორობის უფლება“,- თქვა ფრაქცია "ლელო- პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა.
საარჩევნო კოდექსის არსებული ნორმით, 2028 წლამდე ჩასატარებელ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საერთო არჩევნებისთვის წარდგენილ სიაში პოლიტიკურ პარტიას ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატი უნდა ჰყოლოდა.
ცვლილების თანახმად კი პოლიტიკური პარტია ვალდებული იქნება ისე შეადგინოს პარტიული სია, რომ სამი კანდიდატიდან ერთი მაინც იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი.