ტყიბულელი მეშახტეების მოთხოვნები ფიქსირებული ხელფასის ზრდასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდება - გადაწყვეტილება ადმინისტრაციამ რამდენიმესაათიანი თათბირის შემდეგ მიიღო.
მინდელის სახელობის შახტების ხელმძღვანელები ძალაში ტოვებენ შეთავაზებას ბონუსურ სისტემასთან დაკავშირებით, რაც იმას ნიშნავს, რომ დანამატს ის თანამშრომლები მიიღებენ, რომლებიც გეგმას 100%-ით შეასრულებენ. კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორის, მიხეილ სოცკის თქმით, რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა, როდესაც თანამშრომლები არაკეთილსინდისიერსად ასრულებდნენ სამუშაოს "ეძინათ, ან საერთოდ არ ცხადდებოდნენ სამსახურში".
"დიდი ხანია, ამ საკითხზე ვმუშაობთ, თუმცა არ გვაქვს კონკრეტული ხედვა მოხდება თუ არა ხელფასის 300 ლარით თუ სხვა ოდენობით მომატება, რადგან ჩვენ შევქმენით პრემიებისა და ბონუსების გაცემის სპეციალური სისტემა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ სამუშაოს 100%-ით გულისხმიერად შესრულებისა და სერიოზული მიდგომის შემთხვევაში, დასაქმებულებმა აიღონ დანამატი, ზოგ შემთხვევას 300 ლარზე მეტიც", - თქვა მიხეილ სოცკიმ.
პროფკავშირების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ისინი გაფიცულ მაღაროელებს შეხვდებიან და კომპანიის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას გააცნობენ, ამის შემდეგ კი დასაქმებულები თავად გადაწყვეტენ გაგრძელდება თუ არა პროტესტი.
ავტორი:ლევან ჯავახიშვილი