ცხელების ცენტრში საკარანტინო სივრციდან გადაყვანილ პირს 38 აბი "სუბოტექსი" და მარიხუანა აღმოაჩნდა - "მთავარმა" ახალი დეტალები გაარკვია.
ახალგაზრდა მამაკაცი გერმანიიდან 9 მაისს ჩამოფრინდა, კარანტინში თბილისში იმყოფებოდა, თუმცა მოგვიანებით, თერჯოლაში, კლინიკაში გადაიყვანეს.
კლინიკა "იმერმედის" დირექტორის დავით სარიშვილის თქმით, მას კორონავირუსზე ანალიზი აუღეს, უარყოფითი პასუხის მისვლის შემდეგ კი პალატაში გადაიყვანეს, სადაც პაციენტი შეამოწმეს. მამაკაცს 38 აბი "სუბოტექსი" და მარიხუანა აღმოაჩნდა.
კლინიკის დირექტორის თქმით, ამის შემდეგ პოლიცია გამოიძახეს და სამართალდამცავებმა გერმანიიდან დაბრუნებული მოქალაქე წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.
როგორც დაკავებულმა სამართალდამცველებს განუცხადა, ის ჩანაცვლებითი თერაპიის სპეცპროგრამით სარგებლობს და მედიკამენტები სამკურნალოდ სჭირდებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით დაიწყო.