"თბილისი პრაიდის" განცხადებით, დაგეგმილ ღირსების მარშთან დაკავშირებით უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობენ და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქტიურ კომუნიკაციაში არიან. შსს-სთან მორიგი კომუნიკაცია დღეს შედგება, ღონისძიების საბოლოოდ შეთანხმებული გეგმა კი დღის პირველ ნახევარში გაჟღერდება.
"ლგბტქ ადამიანებისა და მხარდამჭერების მხრიდან ვხედავთ ძალიან დიდ ინტერესს ხვალინდელ ღირსების მარშთან დაკავშირებით. როგორც უკვე ვიცით, იგეგმება კონტრაქცია ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან. ჩვენ ვართ მშვიდობიანი დემონსტრანტები და არ გვსურს ღირსების მარშს მოჰყვეს ძალადობრივი ინციდენტები. სწორედ ამის გამოსარიცხად, ვცდილობთ მაქსიმალურად შევამციროთ კონტრაქციის მონაწილეებთან ფიზიკური შეხების შესაძლებლობა.
აქციის საორგანიზაციო გუნდი მუშაობს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ამ მიზნით აქტიურ კომუნიკაციაში ვიმყოფებით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან", - წერია მათ განცხადებაში.
"თბილისი პრაიდში" აცხადებენ, რომ სჯერათ, ერთად ქმნიან ისტორიას და დგამენ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯებს ისეთი სახელმწიფოს შენებაში, სადაც ადამიანის უფლებები დაცული იქნება და ადამიანებს ექნებათ თანასწორი შესაძლებლობები.