"ბავშვობაში მეუბნებოდნენ, იოგა პიდარასტობააო" - ლადომ იოგა მაინც შეისწავლა, მოგვიანებით, წიგნებიდან და "იუთუბის" გაკვეთილებიდან. ახლა ამ გაკვეთილებს ინსტაგრამში თავად უძღვება. 15 წლამდე მალავდა. შემდეგ ჯერ მეგობარს გამოუტყდა, შემდეგ დედას და ბოლო ფეისბუქში გამოაცხადა. დედამ მიიღო. თემის წევრების უმრავლესობისგან განსხვავებით არასრულწლოვანი სახლიდან არ გაუგდია. განათლებაც მისცა.
მონიკა ლადოსგან განსხვავებით საკუთარ ქვეყანაში ვერ დარჩა. ბელგიამ მას ლტოლვილის სტატუსი ცოტა ხნის წინ მიანიჭა. 2013 წლის 17 მაისს ის ჯერ მონიკა არ იყო და იმ უკონტროლო აგრესიას აშუქებდა, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის რეპორტიორი.
პირველი ინვესტიცია ლგბტ თემმა 2012 წელს განახორციელა. მაშინ დემონსტრანტებიც და თავდამსხმელებიც მცირე რიცხოვანნი იყვნენ. 2013-ში კონტრაქციამ დილით ჯერ მაგრად ილოცა, მოგვიანებით კი რამდენიმე ათეულ დემონსტრანტზე მრავალმა ასეულმა ჯვაროსნული ლაშქრობა მოაწყო. ნადირობა ქრისტეს სახელით, ხელში ტაბურეტებით. პოლიცია სიტუაციას ვერ აკონტროლებდა, სადავეები ხელში ზნეობის პოლიციას ეკავა, რადაც გამოაცხადეს თავი ფუნდამენტალისტებმა. დემონსტრანტებთან ერთად სამართალდამცველებიც დაშავდნენ.
2014 წლიდან სხვა წყვილ-წყვილ დღეობებთან ერთად 17 მაისიც ორი გაგვიხდა - ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღე საპატრიარქომ ოჯახის სიწმინდის დღედ გამოაცხადა. ლგბტ აქტივისტები ქუჩაში არ გამოსულან, მაგრამ ნიშნად იმისა, რომ ისინი მაინც არსებობენ, თბილისის მთავარ მოედანთან მტკიცებულებები დატოვეს...
2017 წელს მიიღეს უფლება, დილის 10-ზე 1 საათით შეკრებილიყვნენ კანცელარიასთან. პოლიცია ყვითელი "მარშრუტკებით" მიიყვანდა და დააბრუნებდა. პლაკატებზე შეეძლოთ, რაც უნდოდათ, ის დაეხატათ. მომდევნო წელს უშიშროებამ მუშაობა აქტივისტებზე ადრე დაიწყო და როგორც თემში სჯერათ, სწორედ მათმა აგენტურამ დათესა შიში, დემონსტრაციის შემთხვევაში ვინმე მოკვდებოდა. ბევრს მართლაც შეშინდა, ხოლო იმ რამდენიმე აქტივისტიდან ერთ-ერთზე, ვინც არ შეეპუა, თავდასხმა მართლა მოხდა...
2019 წელს უმცირესობამ გადაწყვიტა, 17 მაისი დაეთმო. დემონსტრაცია ივნისში დაგეგმეს, მაგრამ ვასაძის ლეგიონი ივნისშიც ტონუსში იყო. შეტევა დისტანციურად დაიწყეს. ლგბტ თემმა მაინც გარისკა. შავრაზმელები აქტივისტებს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაეწივნენ. ნინო ბოლქვაძე იმ დღეს თავდასხმას ორჯერ გადაურჩა.
წლების განმავლობაში საქართველოში კვდებიან სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები. მათ ხშირად ხელი არ მიუწვდებათ სამედიცინო სერვისებზე, განათლებაზე, სამუშაო ადგილებზე. წლების განმავლობაში ხელისუფლებას მათ მიმართ პოზიცია არ გააჩნია. მათ არც ანტიკრიზისულ გეგმაში, არც არჩევნებზე, არც სხვა ომში და არც მშვიდობაში, ითვალისწინებენ. ებრძვიან პირადად მათ, ებრძვიან მათ მხარდამჭერ ავტორიტეტებს ,ავიწროვებენ სინამდვილეში და ავიწროვებენ კინოში, რომელიც არც კი უნახავთ. ისინი კი ჯიუტად ამტკიცებენ, რომ საზოგადოებას მათგან საფრთხე არ ელოდება, რომ ისინი ქვეყნისთვის სასარგებლო შეიძლება იყვნენ. 17 მაისიც ჯიუტად ყოველ წელს მოდის და კონსტიტუციის ჩანაწერიც ჯიუტად იმას გვიმტკიცებს, რომ უმცირესობა ითხოვს მხოლოდ იმას, რაც კანონით ეკუთვნის.