მიზანმიმართული დევნისა და გუშინდელი ძალადობის შემდეგ, მედიის წარმომადგენლების ნაწილს, დაზარალებულის სამართლებრივი სტატუსი მიენიჭათ. შსს-ს მოთხოვნით, დაზარალებულ მედიის წარმომადგენლებს დაზიანებების აღსაწერად ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაიყვანენ.
"მე მგონია, რომ ეს არის ფარსი, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტრო აკეთებს, რადგან არსებობს კადრები, რომლითაც შეეძლოთ იდენტიფიცირება მოეხდინათ იმ ადამიანების, რომლებმაც იძალადეს ჟურნალისტებზე",- ამბობს "მთავარი არხის ჟურნალისტი ირაკლი ბახტაძე.
მედიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ რადიკალებს მათთან "ბრძოლა წესების გარეშე ჰქონდათ გამოცხადებული" და ეს ფაქტი რეაგირების გარეშე ვერ დარჩება.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს და გომელაურის უწყებას მოუწევს რეაგირება და ის თვალს ვერ დახუჭავს იმაზე, რაზეც თვალი დახუჭა გუშინ, როდესაც რადიკალებს ვხედავდით და მათ ბრძოლა წესების გარეშე ჰქონდათ გამოცხადებული მედიის წარმომადგენლების მისამართით",- ამბობს "მთავარი არხის" ჟურნალისტი დეა მამისეიშვილი.
ჟურნალისტები და ოპერატორები, რომლებიც გუშინ ძალადობრივი ჯგუფების მსხვერპლი გახდნენ, ამბობენ, რომ ხელისუფლება შსს-თვის მადლობის გადახდის ნაცვლად, უწყებას ძალადობაზე რეაგირებასა და დამნაშავეების დასჯას უნდა სთხოვდეს.
"მინდა გამოვეხმაურო "ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებებს, რომლებიც უხდიან მადლობას შინაგან საქმეთა სამინისტროს ჟურნალისტების დაცვისთვის, მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი სცემეს გუშინ, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია, უმძიმესი ოპერაციები გადაიტანეს და იმ უწყებას, რომელსაც თქვენ მადლობას უხდით, ამ დროისთვის მხოლოდ 3 პირი ჰყავს დაკავებული. მადლობის მოხდის მაგივრად უნდა მოუწოდოთ, რომ ყველა მოძალადე დააკავოს",- თქვა "ტვ პირველის" ჟურნალისტმა გუგა მაისურაძემ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ანა ბროლაძე ამბობს, რომ "დაკავებული სამი პირიდან ერთ-ერთი ის მოძალადეა, ვინც 5 ივლისს ჟურნალისტებს მოპედით მიზანმიმართულად ეჯახებოდა".
გამოკითხვების პარალელურად, პოლიციის შენობასთან დღეს ადვოკატთა კორპუსის წარმომადგენლები საკუთარი ინიციტივით მივიდნენ და ძალადობის მსხვერპლ მედიის წარმომადგენლებს დახმარება შესთავაზეს, რაც სოლიდარობის უპრეცედენტო მაგალითია მედიისა და ადვოკატების ურთიერთობის ისტორიაში.