საპატრიარქო სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას მოითხოვს. პატრიარქის მოსაყდრე შიო დღეს ქვეყნის პრეზიდენტთან რეზიდენციაში იმყოფებოდა.
ეკლესიის მმართველ ორგანოში არ ადასტურებენ, თუმცა ცნობილი ხდება, რომ მეუფე ცდილობდა პრეზიდენტისგან მიეღო თანხმობა ე.წ. რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის დასჯადობის კანონზე.
თუ რელიგიური და ერობრივი გრძნობების შეურაცხყოფის მცნება კანონმდებლობაში უნდა გაჩნდეს, მაშინ ცვლილებები სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონში უნდა შევიდეს.
ჩნდება საფრთხე რომ ნებისმიერ მოქალაქეს კრიტიკული მოსაზრება თუ პოზიცია საპატრიარქოს მოქმედი ადმინისტრაციის მიმართ, შესაძლოა სისხლის სამართლებრივ დევნად დაუჯდეს.
უმრავლესობა დღეს ამტკიცებდა რომ საკითხზე კონსულტაციები არ დაწყებულა. ოპოზიცია კი დარწმუნებულია რომ იმისთვის რომ ქართულმა ოცნებამ წინასაარჩევნოდ საპატრიარქოს გული მოიგოს და მათი მხარდაჭერა მიიღოს - კანონის გამკაცრებაზე დისკუსია აუცილებლად დაიწყება.
რელიგიური და ერობრივი გრძნობების შეურაცხყოფის მცნების კანონმდებლობაში გაჩენის საკითხი მეუფე შიომ 5 ივლისის ძალადობრივი აქციის შემდეგ დააყენა, ყველაფერი "პრაიდის" ორგანიზატორებს დააბრალა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა მოითხოვა.