ქუთაისში მოძრაობა "სირცხვილიას" ოფისი დაარბიეს. ადგილზე ჩამსხვრეულია მინა, რომელიც გვიან ღამით შენიშნეს. შემთხვევისას ადგილზე არავინ იმყოფებოდა.
ორგანიზაციის წევრები აცხადებენ, რომ ეს არის მიზანმიმართული ქმედება, რომელსაც ბოლო დღებში განვითარებულ მოვლენებს უკავშირებენ.
"აღნიშნული კანონსაწინააღმდეგო აქტი არის ხელისუფლების ძალადობრივი და წამახალისებელი პოლიტიკის გაგრძელება, რომელიც მიმართულია ქვეყანაში განსხვავებული აზრის დევნისა და პოლარიზაციის გაღრმავებისკენ. ასევე, ერთი კვირის განმავლობაში ორჯერ განხორციელებული ძალადობრივი აქტი ჩვენი ორგანიზაციის მისამართით აღქმულია, როგორც ჩვენი საქმიანობისთვის ხელის შეშლის მორიგი მცდელობა და პირდაპირი ზეწოლა სამოქალაქო აქტივისტებზე", - წერია "სირცხვილიას" განცხადებაში.
ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებენ თავდამსხმელების იდენტიფიცირებისა და მათი სამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგენის მიზნით, დროულად ჩაატარონ შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.