თუ ჩახუტება დიდად არ გიყვართ, სამყაროს თქვენთვის სხვადასხვა ადამიანის სახით გამოწვევა თითქმის ყოველდღიურად ექნება, მათ შორის, კორონაპანდემიის დროსაც - რა უნდა ქნათ, როცა ადამიანი ჩასახუტებლად მოდის? ამ დროს ალტერნატივების რაოდენობა შეზღუდულია - ან უნდა ჩაეხუტოთ, ან უბრალოდ არ შეიმჩნიოთ, რომ თქვენკენ სწორედ ამ მიზნით მოდის.
ექსპერტების თანახმად, შესაძლოა, ჩახუტების სიყვარული ან ზიზღი, ადამიანის ბავშვობაზე მიანიშნებდეს. მათი აზრით, ამით ჩანს, თუ როგორ ზრდიდნენ ამა თუ იმ პირს მშობლები.
ტენდენცია იმაზე, რამდენად გვსიამოვნებს შეხება და ფიზიკური ინტერაქცია, მათ შორის ჩახუტება, მხარზე მკლავის გადახვევა თუ ზურგზე ხელის მეგობრული დარტყმა, ხშირად ბავშვობის გამოცდილებითაა განპირობებული, - ამბობს ჩრდილოეთ ილინოისის უნივერსიტეტის პროფესორი სიუზან დეჯეს-უაიტი.
2012 წელს, ჟურნალ Comprehensive Psychology-ში გამოქვეყნდა შვედი მეცნიერების კვლევა, რომლის თანახმადაც, თუ ბავშვებს მშობლები ხშირად ეხუტებოდნენ, ისინი დიდობაში ჩახუტების სურვილს სხვა ადამიანების მიმართ იჩენდნენ.
"ჩახუტება ბავშვის ემოციურ განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს", - აღნიშნულია კვლევაში.
პროფესორი დეჯეს-უაიტი ამბობს, რომ მაღალი შანსია, მათ, ვისაც მშობლები ხშირად არ ეხუტებოდნენ, დიდობაში ჩახუტებისას დისკომფორტს განიცდიდნენ.
"თუ ოჯახის წევრები ფიზიკურ სითბოს არ გამოხატავენ, შესაძლოა ბავშვი როდესაც გაიზრდება, თავის შვილებთან ანალოგიურად მოიქცეს", - ამბობს ის.
თუმცა პროფესორი ხაზს უსვამს გამონაკლისს, რომლის მიხედვითაც, თუ ბავშვს ოჯახში ფიზიკური სითბო აკლია, ის ფიზიკურ კონტაქტს შესაძლოა გარეთ ეძებდეს:
"ზოგი ბავშვი, რომელიც შეხების ნაკლებობას მძაფრად განიცდის, შესაძლოა მოზრდილობაში მეგობარს მუდამ ჩახუტებით ხვდებოდეს და ემშვიდობებოდეს".
ნოტრ-დამის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი დარსია ნარვაეზი ამბობს, რომ ფიზიკური სითბოს ნაკლებად მიღება მოზარდის სხეულზე ორნაირად მოქმედებს:
თავისი სიტყვების განსამტკიცებლად, ნარვაეზს მაგალითად რუმინელი ობლები მოჰყავს, რომლებიც 2014 წლის კვლევის მთავარი სუბიექტები იყვნენ. მეცნიერები იკვლევდნენ, როგორი ხანგრძლივი გავლენა აქვს ბავშვობაში უგულებელყოფას გონებრივ განვითარებასთან.
რუმინელი ობლები მოგვიანებით იშვილეს. კვლევის მიხედვით, მათი ოქსიტოცინის სისტემა ნორმალურად არ ფუნქციონირებდა.
მათ თავშესაფარში იშვიათად ეფერებოდნენ, ამიტომ მათ სხეულში ოქსიტოცინი, იგივე ჩახუტების ჰორმონი, არ გამოიყოფოდა. ეს ჰორმონი ბავშვებს მშობლების კალთაში ჯდომის დროსაც უვითარდებათ, - ამბობს ნარვაეზი.
ამ ჰორმონის გარეშე, მოზრდილ ასაკში სოციალიზაცია უფრო და უფრო რთულდება. ასე რომ, ჩახუტება და შეხება ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ჩახუტების მიმართ ამა თუ იმ დამოკიდებულების გასაგებად, შესაძლოა მნიშვნელოვანი ფაქტორი იყოს თვითშეფასება და საკუთარი სხეულის დადებითად აღქმაც.
ის ადამიანები, რომლებსაც სხვებთან ფიზიკური კონტაქტი მოსწონთ, მაღალი თვითშეფასებითა და თავდაჯერებულობით გამოირჩევიან. ისინი, ვინც შფოთვას განიცდიან, ფიზიკურ ურთიერთობას თავს არიდებენ და ამ შემთხვევაში, გამონაკლისები არც მეგობრები არიან. მათი დისკომფორტი არასასურველი ჩახუტებისას უფრო იზრდება, - ამბობს პროფესორი დეჯეს-უაიტი.
თუმცა, ნებისმიერ შემთხვევას ინდივიდუალური ახსნა შესაძლოა ჰქონდეს და თუ ვინმეს ჩახუტება არ სურს, ეს სულ არ ნიშნავს, რომ მას ბავშვობაში სითბო აკლდა. თუ იფიქრეთ, რომ ვინმე შეაწუხეთ, ჯობს მას ჰკითხოთ, მართლა ასე მოხდა თუ არა და მიზეზიც სწორედ ამ ადამიანისგან გაიგოთ.
ჩახუტება კულტურულ ფენომენადაც შეიძლება ჩავთვალოთ - 2010 წლის კვლევის მიხედვით, ადამიანები ერთმანეთს საფრანგეთში უფრო ხშირად ეხუტებიან, ვიდრე ამერიკასა თუ ინგლისში.
მეცნიერებსთუ დავუჯერებთ, ახლობლებს, მეგობრებსა და საყვარელ ადამიანს დღეში არანაკლებ 12-ჯერ უნდა ჩავეხუტოთ. მათი თქმით, ამ დროს გამომუშავდება ქიმიური ნივთიერება ენდორფინი, რომელსაც ტკივილგამაყუჩებლის ეფექტიც კი აქვს. ჩახუტება, ასევე, ორგანიზმში ააქტიურებს ოქსიტოცინს, რომელიც დეპრესიასა და სტრესს ებრძვის, ხოლო ბიონეგრეტიკოსები ირწმუნებიან, რომ პოზიტიური ენერგიის გაცვლით ადამიანები ერთმანეთს მთელი დღის მანძილზე კარგი განწყობით მუხტავენ.
წყარო: myhnntoday.com; Time; On.ge.