ეკლესიის ძალადობრივი სახე | თენგო გოგოტიშვილის სიუჟეტი

გამოქვეყნდა:

რწმენა იპყრობს მსოფლიოს. მსოფლიო ამბებისთვის ცოტას კი გცხელათ, მაგრამ, ვისაც გადაგირთავთ, იცით - თალიბანი ტრიუმფალურად, ერთს მეორის მიყოლებით, იკავებს ავღანეთის ქალაქებსა და პროვინციებს და აბრუნებს ქვეყანას შუასაუკუნეებში, საიდანაც, კაცმა რომ თქვას, არასოდეს გამოსულა... ამ ღვთისკაცებს ფეხდაფეხ საქართველოში ჩვენი ღვთისკაცები მოსდევენ. არა, უფრო ზუსტად - მისდევენ მამათმავლებს და, თუ მათ ვერსად წაასწრეს, ჟურნალისტებს. და ხოცავენ ღმერთის სახელით.

წვერიანი და ზოგჯერ კაბიანი კაცები ზუსტად იქით მიაქანებენ თავიანთ სამშობლოს, საითაც ეს წვერიანები და კაბიანები - თავისას. ოღონდ, ავღანეთისგან განსხვავებით, საქართველოს ასეთ სიბნელეში არასდროს უცხოვრია. არც ერთი წყარო, ყოველ შემთხვევაში, მსგავსს არაფერს გვეუბნება. ჰოდა, მაშინ ერთად ვიფიქროთ - ესაა ქრისტიანობა? ამისთვის ავიდა ის კაცი ჯვარზე?

ჩაუსხედით, რამდენი მიხვდება განსხვავებას 5 წლის წინანდელ და 5 დღის წინანდელ მიტროპოლიტ გამრეკელს შორის. ან, თავად ამ გამრეკელსაც ჰკითხეთ, როდის ამბობდა სიმართლეს  - მაშინ თუ ახლა.. 

როცა ეპისკოპოსები დუმან, მღვდლები ბედავდნენ ლაპარაკს, უცნაურია. ზაზა თევზაძე ისედაც წლებია, განკვეთის ზღვარზე მღვდლობს. საპატრიარქოს არ მოსწონს მისი აზრები და მით უფრო არ მოსწონს, ამ აზრებს რომ არ მალავს.

ეკლესიას სხვა რა ევალება, ადამიანები ჭეშმარიტებამდე უნდა მიიყვანოს. არც ელოდნენ, ორ დღეში იმდენ ადამიანს აუხილეს თვალი ჭეშმარიტებაზე იაკობებმა, სპირიდონებმა, შიოებმა, იოანეებმა და სტეფანეებმა - რომ საქართველოს საპატრიარქო არ არის ქართული ეკლესიის სინონიმი. რომ შეიძლება, თავი ქართველადაც მიგაჩნდეს და მართლმადიდებლადაც, მაგრამ თავპირის დასანაყად არავინ გემეტებოდეს. რომ შეიძლება, არ გაინტერესებდეს, შენთვის სრულიად უცხო ადამიანს ვის გვერდით სძინავს, რატომ ატარებს კაცი საყურეს და ქალი - კაბას მუხლს ზემოთ. და შეიძლება, ფერადსამკლავურიან ხალხზე მეტად, შავმაისურიანი ადამიანები გაშინებდნენ, რაკი ვერასდროს გაიგებ, როდის მოაყოლებენ მამაო ჩვენოს შენი დედის ხსენებას. და, სხვა თუ არაფერი, შეიძლება გერჩივნოს, ღმერთს თავად დაელაპარაკო, ვიდრე მთელი ეს დასი ჩაიყენო შუამავლად...

თენგო გოგოტიშვილის სიუჟეტი: "ეკლესიის ძალადობრივი სახე"

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი