ევროკომისიის პრესსპიკერი, პიტერ სტანო 5-6 ივლისის ძალადობასა და "ტვ პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას ეხმაურება. როგორც სტანო ამბობს, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გარემოებები გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად უნდა გამოიძიონ:
"ძალიან სამწუხაროა, ის რაც ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოში ვიხილეთ, განსაკუთრებით კი ოპერატორის გარდაცვალება. მნიშვნელოვანია, რომ მისი გარდაცვალების გარემოებები ნათლად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად იქნეს გამოძიებული. როგორც ვიცით, გამოძიება უკვე დაწყებულია. მნიშვნელოვანია, რომ ის გამჭვირვალედ ჩატარდეს და გაირკვეს რა მოხდა", - თქვა სტანომ.
რაც შეეხება "ღირსების მარშის" ჩაშლას, სტანომ თქვა, რომ საქართველომ თავად გააკეთა ევროპული ღირებულებების გატარებაზე განაცხადი და შესაბამისადაც უნდა იმოქმედოს.
"რაც შეეხება თბილისში "ღირსების მარშთან" დაკავშირებით მომხდარ სამწუხარო მოვლენებს, ჩვენს მიერ გაკეთებული განცხადებებით ნათელი იყო, რომ უმცირესობის უფლებები და თავისუფლებები უნდა იყოს გარანტირებული და მათ პატივი უნდა სცენ. ამ დაცვის უზრუნველყოფა სახელმწიფოს როლია. ყველაფერი ეს საქართველოსთან თანამშრომლობის შეფასებისას გათვალისწინებულია. ამ საკითხებისა და მოვლენების ირგვლივ ჩვენ რეგულარული განხილვა და დიალოგი გვაქვს. ევროკავშირი ყველა ამ საკითხს განიხილავს. საქართველომ ევროპული ღირებულებების გატარებაზე განაცხადი თავად გააკეთა. ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები, იმის მიუხედავად, ეკუთვნიან თუ არა ისინი ეთნიკურ, ენობრივ, ეროვნულ, გენდერულ თუ სექსუალურ უმცირესობას, გარანტირებული და დაცული უნდა იყოს", - ამბობს პიტერ სტანო.
ცნობისთვის, 5 ივლისს, დაგეგმილი "ღირსების მარში" მოძალადე და ჰომოფობიურმა ჯგუფებმა დაწყებამდე ჩაშალეს. რადიკალები მთელი დღის განმავლობაში თბილისის ქუჩებში დათარეშობდნენ, იძალადეს მედიაზე. მათი ძალადობის შედეგად დაშავდა 53 ჟურნალისტი, "ტვ პირველის" სასტიკად ნაცემი ოპერატორი ლექსო ლაშქარავა კი 11 ივლისს დილით, დედამ საკუთარ საწოლში გარდაცვლილი ნახა.