ლექსო ლაშქარავა დღეს ჩვენ უკანასკნელ გზაზე გავაცილეთ. ხელისუფლების, ძალადობის წამხალისებელი "ქართული ოცნების" მსხვერპლი ახალგაზრდა ოპერატორი, რომლის სიკვდილი ხუთი ივლისის უსასტიკეს დარბევას და ცემას მოჰყვა. სწორედ პრემიერმინისტრის მიერ ნებადართული ეს ანგარიშსწორება გახდა მთავარი რგოლი იმ ჯაჭვში, რომელიც ლექსოს სიკვდილით დასრულდა.
პანაშვიდზე დღეს შეკრებილი იყო ყველა - მთელი ქართული მედია. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ადამიანები, რომლებიც არც კი იცნობდნენ ლექსოს, მაგრამ უმძიმესად განიცადეს მისი ტრაგედია. მის ოჯახში დღეს მხოლოდ ხელისუფლების, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები არ მისულან. მთავრობის ლიდერებმა ვერ გაბედეს პატივის მიგება იმ ადამიანის ხსოვნისთვის, რომელსაც ხალხი უკანასკნელ გზაზე ტაშით აცილებდა. ლექსო ლაშქარავას ოჯახს დღეს მხოლოდ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიუსამძიმრა.