შინაგან საქმეთა სამინისტრო მხოლოდ ლექსო ლაშქარავას საქმეზე პროცედურების დასაჩქარებლად შეწუხდა თავისთვის სასარგებლო ინფორმაციის გასავრცელებლად, მაგრამ სასტიკი დარბევისას თბილისის ქუჩებში კიდევ 52 ჟურნალისტი სცემეს. მათი ნაწილი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.
ლექსო ლაშქარავა ერთ-ერთი იყო იმ ათობით დაშავებულ ჟურნალისტს შორის, ვისაც 5 ივლისს ხელისუფლებისგან წახალისებული ძალადობრივი ჯგუფები ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ. აქციაზე ნაცემი ოპერატორი 11 ივლისს გარდაიცვალა.
ამ დრომდე კლინიკაში რჩება დაშავებული ჟურნალისტების ნაწილი, მათ შორის მედიაჰოლდინგ "პალიტრას"
ფოტოგრაფი. ორი დღის წინ კლინიკიდან გაწერეს ამავე მედიასაშუალების ერთი ჟურნალისტი, რომელსაც ხანგრძლივი სარეაბილიტაციო პროცესის გავლა მოუწევს.
ხელისუფლებისგან წახალისებული მოძალადე ჯგუფები ფიზიკურად გაუსწორდნენ "ფორმულას" ჟურნალისტს. რატი წვერავას რამდენიმე ადამიანი გამეტებით სცემდა, პოლიცია კი არ რეაგირებდა. გამოძიებას ამ დრომდე ფაქტობრივად რეაგირება არ მოუხდენია და არ დაუკავებია "მთავარი არხის" ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე თავდამსხმელები.
გამოცხადებული ნადირობა ჟურნალისტებზე თითქმის ყველა მედიასაშუალების ჟურნალისტს შეეხო. ფიზიკურად გაუსწორდნენ ყველას, ვისაც ხელში კამერა და მიკროფონი ეჭირა. გამონაკლისი მხოლოდ პუტინისტური პროპაგანდისტი მედია აღმოჩნდა.