შეზღუდვების მოხსნის ბოლო ეტაპზე, ქვეყნის მასშტაბით ყველა ღია და დახურული კაფე 3 თვიანი პაუზის შემდეგ პირველ მომხმარებელს მიიღებს.
სტუმრობის ადგილი უცვლელია, თუმცა შეცვლილია მიღებისა და მასპინძლობის წესები. გასტრონომიის ასოციაციის მიერ გავრცელებული რეკომენდაციის მიხედვით, ყველა კვების ობიექტი ვალდებულია, მაგიდა წინასწარ დაჯავშნოს, გაუზომოს სიცხე ყველა კლიენტს, გადაახდევინოს მხოლოდ ბარათით, მაგიდასთან არ დასვას 6 პირზე მეტი. სტუმრები ერთმანეთთან ერთი მეტრის დაშორებით უნდა ისხდნენ, მაგიდებს შორის მანძილი კი ორი მეტრი უნდა იყოს. დაიცვან ჰიგიენის წესები და და ყველა მომხმარებლისთვის ცალკე დაბეჭდონ მენიუ.
რეკომენდაციების შესრულება პანდემიის ფონზე უჭირთ ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ ისედაც მძიმე ფინანსური კრიზისის გამო, დამატებითი რეკომენდაციების გათვალისწინებას ვერ შეძლებენ.
რეკომენდაციების ნუსხა ვრცელია - სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციაში ვარაუდობენ, რომ მათ გათვალისწინებასა და დაცვას პატარა კაფეები ვერ შეძლებენ. შეღავათების გარეშე დარჩენილი ბიზნესსექტორი დახმარებას ითხოვს.
როგორ გააგრძელებს მუშაობას, მძიმე ფინანსურ კრიზისში მყოფი ბიზნესი, უცნობია. საბოლოო გადაწყვეტილებას ჯანდაცვის მინისტრი ხვალ ბიზნესომბუდსმენთან ერთად გამოაცხადებს.