"ქართულმა ოცნებამ" რადიკალების დაკავება ვერ გაბედა - ადამიანების, რომლებიც 5 ივლისს რუსთაველზე შეკრებილ ჰომოფობიურ ჯგუფებს ძალადობისკენ მოუწოდებდნენ, ამის მტკიცებულებად კი საჯარო სივრცეში არაერთი მასალა მოიპოვება.
დიღმის პოლიციის სამმართველოში მამა -შვილი ფალავანდიშვილები და "ალტ ინფოს" წევრები დაახლოებით ექვს საათიანი გამოკითხვის შემდეგ გამოუშვეს.
სამოქალაქო აქტივისტები დარწმუნებული არიან, რომ ხელისუფლება მოძალადეებთან გარიგებულია და შესაბამისად წინასაარჩევნოდ მათ ხელშეუხებლობის გარანტიები აქვთ მიღებული.
გუშინ, სანამ პოლიციის შენობაში რადიკალების თანამოაზრეები გამომძიებლების კითხვებს პასუხობდნენ, მოძალადეები სოციალურ ქსელში "ქართულ ოცნებას" ულტიმატუმებს უყენებდნენ, რომ ხელისუფლება არჩევნებზე 43%-ს ვერ აიღებდა.
"ძალიან მძიმე დღეშია ახლა "ქართული ოცნება" იმიტომ, რომ თუკი რამეზეა ახლა ჩამოკიდებული მისი ძალაუფლება არის პოლიცია და კრიმინალები. არაფერი გასაკვირი იმაში არ იქნება, თუ ღარიბაშვილი მათ ვერ დაიჭერს",- ამბობს გიგა მაქარაშვილი.
ჯერჯერობით უცნობია დაიბარებს თუ არა პოლიცია რადიკალებს განმეორებით გამოკითხვაზე.