ახლადშენებული კორპუსი, სადაც ფანჯრების ამოჭრა დაავიწყდათ - ქავთარაძის #58-ში მდებარე, 14 სართულიან საცხოვრებელ კორპუსში, რომლის მშენებლობა უკვე დასრულებულია და ორი ოჯახი უკვე ცხოვრობს, ყრუ კედელს ახლა თავიდან აგრევენ და ფანჯრებს ჭრიან.
საკრებულოს ოპოზიციის წევრები ლევან ხაბეიშვილი და ირაკლი ნადირაძე პასუხისმგებლობას თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურს აკისრებენ და კორუფციულ გარიგებებზე საუბრობენ.
ვხედავთ კალაძის ნოუჰაუს, რომ მან მისცა უფლება დაენგრიათ კედლები და ჩაესვათ შემდგომში ფანჯრები. თუმცა ეს არ არის ერთადერთი დარღვევა, რადგან აქ ჩასმის დროს მშენებლობა მიდიოდა მშენებლობის უსაფრთხოების ნორმების დარღვევებით, - ამბობს ირაკლი ნადირაძე, ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის თავმჯდომარე თბილისის საკრებულოში.
ოპოზიციის თქმით, კომპანია "ნიუ გრუპ +", რომელიც აღნიშნულ კორპუსს აშენებს, ეკუთვნის ლაშა ბაგრატიონს, რომელიც მერიის ყოფილი მაღალჩინოსნის ძმაა და კორპუსის მშენებლობის ნებართვაც გარკვეული დარღვევებითაა მოპოვებული. მათივე მტკიცებით, მშენებლობაც დარღვევებით მიმდინარეობს, თუმცა კომპანიამ მხოლოდ რამდენჯერმე მიიღო გაფრთხილება და ჯარიმა მისთვის არ დაუკისრებიათ, მას ხარვეზების გამოსასწორებლად 120 დღიანი ვადა მისცეს.
ნაციონალური მოძრაობის წევრის ლევან ხაბეიშვილის თქმით, მერიაში ზედამხედველობის სამსახურის უფროსის გიორგი ბაგრატიონის მუშაობისას დაუმტკიცეს ეს ობიექტი მის ძმას, ლაშა ბაგრატიონს.
კომპანია "ნიუ გრუპში" კატეგორიულად უარყოფენ კორუფციული ფაქტების არსებობას და ამბობენ, რომ როდესაც მშენებლობისას მიწა შეიძინეს, აქ დამტკიცებული პროექტი უკვე არსებობდა და მათ რამდენჯერმე მოუხდათ პროექტის გადაკეთება, ფანჯრების მოგვიანებით ამოჭრაც ამ მიზეზით მოხდა.