დაპირისპირება სამართალდამცველებსა და მოქალაქეებს შორის - შემთხვევა ქუთაისში, კომენდანტის საათის დროს მოხდა. ნაცემია რამდენიმე არასრულწლოვანიც.
ნიკეას ქუჩაზე მდებარე სოციალური საცხოვრებლის მკვიდრები ყვებიან, რომ კომენდანტის საათის დროს, სადარბაზოსთან რამდენიმე ადგილობრივი იდგა, რომლებთანაც პოლიციელები მივიდნენ და მათი დაჯარიმება გადაწყვიტეს. კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. სამართალდამცველებმა ადგილობრივების დაკავება სცადეს, თუმცა საქმეში მეზობლებიც ჩაერივნენ. სასტიკად ნაცემია რამდენიმე არასრულწლოვანიც.
ვეხვეწე დედაშვილურად, გაუშვი ხელი, დააჯარიმე. ქოჩორში ჰქონდა ჩავლებული და ურტყამდა "კაპოტზე" ბავშვს. კისერში წაუჭირა ხელი და მერე უკბინა, - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.
ამ დრომდე გაუჩინარებულია 22 წლის მამაკაცი, რომელიც ჩხუბში ფიგურირებდა. ოჯახის წევრები მას უკვე რამდენიმე საათია ეძებენ. ადგილობრივებმა დასახმარებლად მეოთხე განყოფილებას მიმართეს, თუმცა სამართალდამცველებმა მათ არ უპასუხეს.
"მთავარი" დეტალების გასარკვევად შსს-ს პრესს სამსახურს დაუკავშირდა, თუმცა საგამოძიებო ორგანოში არ ამბობენ, რა მუხლით დაიწყო გამოძიება.