მავთულხლართებთან უკიდურეს გაჭირვებაში მცხოვრები ხალხი დახმარებას ითხოვს. ოძისის მოსახლეობის უმეტესობა ხელისუფლებას არც კორონაკრიზისის დროს გახსენებია. ადგილობრივები ამბობენ, რომ სასურსათო კალათა მხოლოდ რამდენიმე ოჯახმა მიიღო, მათ ვინც ქართული ოცნების მხარდამჭერია.
სოფლის გამგებელი კი ამბობს, რომ შეზღუდული სახსრების გამო დახმარება მხოლოდ უკიდურესად გაჭირვებულებს გადაეცათ, რაც კითხვის ნიშნებს აჩენს, რადგან არც გამგებელი და არც გუბერნატორი დასახლებაში არასოდეს უნახავთ.
მავთულხლართებთან მცხოვრებმა გია ბაქაქურმა, შვილთან ერთად ოჯახისთვის ფქვილი რომ ეყიდა, ტყეში შეშა უკანონოდ მოჭრა. სახლში დაბრუნებისას კი გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა გააჩერეს, ოქმი გამოუწერეს და ახლა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, რამდენი ლარით დააჯარიმებენ. ამბობს, რომ პურის ფული არ აქვს და ჯარიმა როგორ უნდა გადაიხადოს, არ იცის.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მათი ერთადერთი შემოსავალი პენსია და სოციალური დახმარებაა. სოფლის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა შიმშილის ზღვარზეა.