არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მუქარა, რომელიც ჟურნალისტების წინააღმდეგ საჯარო მუქარა საგანგაშოა და ხელისუფლებამ მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთვის" წარმომადგენელი ამბობს, რომ ორგანიზაცია ხელისუფლების მხრიდან კრიტიკული მედიის მიმართ არასათანადო მიდგომებზე 5-6 ივლისის მოვლენებამდეც საუბრობდა.
"ჩვენ ჯერ კიდევ 5-6 ივლისამდე არაერთგზის გვქონდა გაკეთებული განცხადება თუ კვლევა, სადაც მივუთითებდით, რომ ის აგრესიული რიტორიკა, ხელისუფლების არასათანადო რეაგირება, დეზინფორმაციის კამპანია, ძალადობას ახალისებს და არაერთი ცალკეული შემთხვევა გვქონდა, მაგრამ 5-6 ივლისის ტრაგედიის შემდგომ და ამ კონტექსტის გათვალისწინებით, ნებისმიერის სახის მუქარა, რომელიც გაკეთებული იქნება საჯაროდ, განსაკუთრებით იმ ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომელის მედიაკომპანიების წარმომადგენლები უშუალოდ დაზარალდნენ, არის სერიოზულად საგანგაშო და ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული პოზიტიური მოვალეობა და უზრუნველყოს ნებისმიერი ადამიანის უსაფრთხო გარემოს შექმნა და მათი დაცვა", - თქვა მამუკა ანდღულაძემ.
"მთავარი არხის" ჟურნალისტის თათია წოწონავა ერთ-ერთია ვისაც სოციალურ ქსელში საჯაროდ დაემუქრნენ, მისი თქმით, მის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე შესაბამის უწყებებს უკვე მიმართა და გამოძიებაც უკვე დაწყებულია. წოწონავა ამბობს, რომ ის საგამოძიებო უწყებასთან თანამშრომლობას აპირებს.
"მივმართე შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩემს მიმართ განხორციელებულ მუქარაზე, საჯარო სივრცეში. ტიკ-ტოკზე ატვირთა ერთ-ერთმა მომხმარებელმა ჩემი ჩართვა და ზედ აქვს დაწერილი მუქარა ჩემ მიმართ და კომენტარებში კიდევ უფრო უარესები წერია, ამიტომ გდავწყვიტე მიმემართა სამართალდამცავი უწყებისთვის, მალევე დამიკავშირდნენ, დაწყებულია უკვე გამოძიება მუქარის ფაქტზე და მითხრეს, რომ მარტივად იდენტიფიცირებადია პირი, რომელმაც ატვირთა ჩემი ვიდეო და დაველოდოთ. მე ვაპირებ, რომ ბოლომდე ვითანამშრომლო გამოძიებასთან", - თქვა თათია წოწონავამ.
"მთავარი არხის" ჟურნალისტზე, მუქარა პირველი შემთხვევა არ არის, როცა მედიის წარმომადგენლებს საჯაროდ დაემუქრნენ. ჟურნალისტები ამბობენ, რომ 5 ივლისის შემდეგ მათი მისამართით მუქარა განსაკუთრებით გახშირდა.
5 ივლისს ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფების მხრიდან თავდასხმების შედეგად 53 ჟურნალისტი დაშავდა, მათგან ერთ-ერთი ტელეკომპანია პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაცვლილი იპოვეს.