პანდემიის მეოთხე ტალღის პირველი ანტირეკორდი. ინფიცირებულთა მაჩვენებელი 3 600-ს გადასცდა. ბოლო 24 საათში გარდაცვლილია 17 პაციენტი. ჰოსპიტალური სექტორი უკვე პარალიზებულია, კლინიკები შესაძლებლობების ზღვარზე მუშაობენ და ეპიდემიოლოგების პროგნოზით, ეს მხოლოდ დასაწყისია.
რამდენიმე კვირაში მედიკოსები პიკს ელოდებიან, რომელიც პირველი სამი ტალღისგან განსხვავებით, კიდევ უფრო მძიმე და ტრაგიკული იქნება.
ვითარებას ისიც ართულებს, რომ საქართველოში უკვე დაფიქსირდა კიდევ ერთი ახალი შტამი. ხელისუფლება კი რიტორიკას არ ცვლის, პრობლემებს ნაწილობრივ აღიარებს, თუმცა ისევ ამტკიცებს, რომ მთავრობა ამ კრიზისულ ვითარებასაც უმკლავდება, მაგრამ ხელისუფლების ამ განცხადებას დამაჯერებლობა აკლია, მაშინ როდესაც ცნობილი ხდება რომ კრიზისული მდგომარეობის გამო კლინიკებმა გეგმიური ოპერაციები შეწყვიტეს.