საოკუპაციო რეჟიმის კიდევ ერთი მსხვერპლი - რუსი სამხედროების არაადამიანური მოპყრობის შედეგად მამაკაცი უმძიმესი ავადმყოფობით გარდაიცვალა.
ჩაკეტილი საზღვარი ოკუპანტებმა მხოლოდ მას შემდეგ გახსნეს, რაც პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა და მისი გადაყვანის ვალდებულება წითელმა ჯვარმა აიღო.ავადმყოფმა თბილისამდე ვერ ჩააღწია.
63 წლის ჯუმბერ მილაძე უკვე მეორე დღეა გორის სამხარაულის ექსპერტიზაზეა დასვენებული. ამ დრომდე გარდაცვლილ მამაკაცთან მისი ნათესავები არ მისულან. ოკუპანტები ოჯახის წევრებს საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის უფლებას არ აძლევენ. ჯუმბერ მილაძე რუს სამხედროებს დიდი ხნის განმავლობაში სთხოვდა სამკურნალოდ თბილისში გამოეშვათ.
ლევან სამხარაულის გორის საექსპერტო ბიუროს ხელმძღვანელი კი ფაქტს დღის წესრიგად აღიქვამს და აცხადებს, რომ ამაში განსაკუთრებული არაფერია.
საოკუპაციო რეჟიმის მიერ, ახალგორელებისთვის შექმნილ მძიმე ვითარებაზე "ქართული ოცნებაც" საუბრობდა, თუმცა მათ არ უთქვამთ, როგორ დაეხმარებიან მოქალაქეებს, რომლებიც საოკუპაციო ზოლს მიღმა უკვე მერვე თვეა ჩაკეტილები არიან.
ჩაკეტილ ახალგორში ჰუმანიტარული კატასტროფა სულ უფრო მძიმდება, მაგრამ იქ მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს პრობლემებზე ხმამაღლა საუბრის ეშინიათ.