რუისის მოსახლეობა საკუთარ სოფელში სპორტული მოედნის დაცვას ცდილობს და სასამართლოში ჩივილისთვის ემზადება.
მიწის ნაკვეთით, რომელზეც ახალგაზრდები და ბავშვები დროს ატარებენ, რუსული კომპანიაა დაინტერესებული. სასამართლომ ერთხელ უკვე გაყიდული მოედანი სოფელს უკვე დაუბრუნა, მაგრამ როგორც ჩანს, რუს ინვესტორებს გავლენიანი მფარველები ჰყავთ. ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა და ეკონომიკის სამინისტრომ საერთო გეგმა შეიმუშავეს და ახლა სასამართლოს გვერდის ავლით ცდილობენ მიწის ნაკვეთის დასაკუთრებას.
10 000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი, რომლის ნაწილზეც სპორტული მოედანია მოწყობილი, რუსულ კომპანიაზე, აუქციონის წესით, ერთხელ უკვე გაიყიდა კომპანიაზე, რომლის მფლობელთა ნაწილი რუსეთის მოქალაქეები არიან. შპს "ბიგ სერვისს" ამ ადგილას ელექტროგასამართი სადგური უნდა მოეწყო. კომპანიამ ამისთვის 54 ათასი ლარი უკვე გადაიხადა, თუმცა მოსახლეობის პროტესტისა და სასამართლოში ჩივილის შემდეგ ოკუპანტ ქვეყანაში მოღვაწე ბიზნესმენებისა და ქარელის მერიის გეგმა ჩავარდა. ხაშურის რაიონულმა სასამართლომ ქარელის მუნიციპალიტეტის მმართველ ორგანოს მიწის ნაკვეთის გასხვისება სამუდამოდ აუკრძალა.
სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ მიწის ნაკვეთის გასხვისება სამუდამოდ აკრძალულია, 9 მარტს გამოცხადდა. სასამართლოს მიწის ეკონომიკის სამინისტროსთვის გადაცემა არ აუკრძალავს. აღმასრულებელმა ხელისუფლებამ სწორედ ამ მომენტით ისარგებლა და 24 მარტს ქარელის მუნიციპალიტეტში გააგზავნილი წერილით, მიწის ნაკვეთის ეკონომიკის სამინისტროსთვის გადაეცემა მოითხოვა.
თუ მიწის სადავო ნაკვეთი ეკონომიკის სამინისტროს გადაეცემა, სავარაუდოდ, სახელწიფო უწყება ტენდერს გამოცხადებს და ამ ტენდერში ისევ რუსული კომპანია " ბიგ სერვისი" გაიმარჯვებს. ფაქტია, რომ ოკუპანტი ქვეყნის ბიზნესმენების დაინტერესება საოკუპაციო ხაზთან მდებარე მიწის ნაკვეთზე ძალიან დიდია და პირველ შემთხვევაშიც სწორედ მათი მოთხოვნით მოხდა ამ მიწის ნაკვეთის დაჩქარებული წესით აუქციონზე გატანა.
შპს ბიგ სერვისი ითხოვდა, რომ მომხდარიყო რუისში არსებული მიწის ნაკვეთის აუქციონზე გატანა და მათზე ასე გადაცემა, - ამბობს "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტი ლექსო მერებაშვილი.
ქარელის მუნიციპალიტეტმა ეკონომიკის სამინისტროდან წერილის მიღებისთანავე ტერიტორია ორად გაყო, ღობე გაავლო და ახლა ეკონომიკის სამინისტროს მხოლოდ ტერიტორიის ნაწილს გადასცემს. ქარელის საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის გადაწყვეტილებით, ეკონომინიკის სამინისტროს მოთხოვნა დასაბუთებულია. პროცესის დასრულებამდე მხოლოდ სხდომაზე კენჭისყრაღა დარჩა.
ადგილობრივი მცხოვრებლები მათი სპორტული მოედნის რუსული კომპანიისთვის გადაცემას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან.
რუსეთის მოქალაქე ვარ მე, ისე ვყავართ რუსებს დაჩაგრულები, მოვკვდები და რუსული დროშა აქ ვერ აფრიალდება, - ამბობს ადგილობრივი მკვიდრი გელა გასიტაშვილი.
ოპოზიცია ამ გარიგებაში პირდაპირ დაინტერესებას ხედავს, რომ ეს ტერიტორია რუსულ კომპანიას გადაეცეს.
ჯერ ეს ერთი, ეს მთავრობამ არ უნდა გააკეთოს, არ უნდა შემოუშვას ეს რუსული კომპანია. თუ ასე არიან დაინტერესებული, მოსახლეობა ყიდის მიწებს, ის იყიდონ და იქ ააშენონ, - ამბობს ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკოლოზ ახალკაცი.
ქარელის საკრებულო სადავო მიწის ნაკვეთის გასხვისებაზე პირველივე სხდომაზე იმსჯელებს. თუ მიწა ეკონომიკის სამინისტროს გადაეცემა, რუისის მოსახლეობა ისევ სასამართლოში იჩივლებს.