"თბილსერვისის" თანამშრომლების გაფიცვა გრძელდება - მოლაპარაკებების რამდენიმე ეტაპის შემდეგ ხელმძღვანელობა დაბალი ანაზღაურებით უკმაყოფილო თანამშრომლებს ხელფასების მატებას ახალი წლების შემდეგ დაპირდა, რაც გაფიცულებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.
უკმაყოფილი მეეზოვეები მერის, კახი კალაძის მისვლასაც ითხოვდნენ და ტექნიკა ეზოდან არ გაუშვეს. ადგილზე ამ დრომდე დაძაბულობაა.
"არ გრცხვენიათ?! კრიმინალური ავტორიტეტი ვარ მე ირაკლი ბაღდავაძე, რომელმაც დააყაჩაღა რაღაცა ბანკი, რომ დამიჭიროთ თუ რა, ნაგავს რომ ვალაგებ და სამართლიანობას რომ ვითხოვ მაგიტომ მომიყვანეთ ეს ხალხი? თბილისს რომ ვალაგებ და სამართლიანობას რომ ვითხოვ, მაგიტომ მომიყვანეთ შინაგან საქმეთა სამინისტრო?! სირცხვილი არ გაქვთ უფროსობას? გამოდით ეხლა, კალაძე მოვიდეს აქ.
ბენზინი რომ გადავისხი და აქ რომ შემოვედი ღამე, არიქა ტელევიზია არ მოიყვანონო ჩემ მეუღლეს რომ ეუბნებოდნენ და ჩქარა-ჩქარა ყველაფერი აუსრულდებაო. შემდეგში მე და ჩემი ცოლი მოვალთ და მართლა დავიწვავთ თავს, როგორ იხვეწებოდნენ ტელევიზია არ მოვიდესო?! - ამბობს ერთ-ერთი გაფიცული
დასუფთავების სამსახურის გაფიცული თანამშრომლები ამბობენ, რომ ზაფხულში და სიცხეში ზამთრის ფორმები აცვიათ.
ისინი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით მუშაობას და ხელფასის 50%-ით გაზრდას ითხოვენ.
"ციყვებს ნუ გვეძახიან, საბუთებში რომ წერია ჩვენზე თანამდებობა ციყვი, უკან მანქანაზე რომ ჩამოკიდებულები ვართ. ნუ უყიდიან თავიანთ ცოლებს 200 დოლარიან ჩექმებს და ჩვენ ჩვენი კუთვნილი მოგვცენ, ჩემი ბათინკი რაც კონტრაქტში მიწერია, ელიავაზე რომ იყიდება, ის მე მომცენ, მეორადებში კი არ უნდა ვიყიდო მაიკა, ზაფხულში ზაფხულის მაიკა უნდა მომცე და არა დუტის.
ტექნიკის შეცვლას ვითხოვ, იმიტომ, რომ ცხრა სიჩქარიანი მანქანით დავდივართ და ორი სიჩქარე აქვს, პირველი და ზადნი, ხან მატორი ასტუკებს, ხან პაკრიშკა სკდება, ნაგავი გასდის წურწურით მთელ ქალაქში, ხალხი აყროლდა", - ამბობს თანამშრომელი.
ცნობისთვის "თბილსერვისის" დასუფთავების თანამშრომლები დღეს, 6 აგვისტოს დილიდან გაიფიცნენ, აქცია კომპანიის შენობასთან 8 საათია გრძელდება თუმცა ჯერ მას მერი არ გამოხმაურებია.