9 აგვისტო - თარიღი, რომელიც გორელებისთვის განსაკუთრებით მძიმეა. 13 წლის წინ ამ დღეს, რუსული ავიაციის მიერ, ქალაქის დაბომბვას ყველაზე დიდი მსხვერპლი მოჰყვა. დაიღუპა და დაიჭრა ათობით ადამიანი, გორი მაშინ ცეცხლის ალში იყო გახვეული ადგილობრივები კი შველას ითხოვდნენ.
13 წლის შემდეგ დაღუპულთა ოჯახები ე.წ. ვერხვების დასახლებაში მდგარ სიცოცხლის ხესთან მიდიან, რომელიც იმ ბომბების ნამსხვრევებისგან არის გაკეთებული, რომელმაც 60 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს ტრაგიკული დღის გახსენება დღემდე უჭირთ - "აქ ორსული 27 წლის შვილი და სიძე დამეღუპა ამ ადგილას, ყოველი ეს დღე, საშინელებაა".
დედა, რომელმაც შვილი 2008 წლის 9 აგვისტოს დაკარგეს, ამბობს, რომ დრო არაფერს კურნავს: "ცხვირწინ დამეღუპა შვილი, ჩემ თვალწინ, აქვე, ყოველწუთს ვუყურებ იმ ადგილს, სადაც სული დალია, ყოველწუთს ველაპარაკები სურათებს".
მშვიდობიანი მოქალაქეების გარდა, რუსეთის დაბომბვას სასწრაფო დახმარების ექიმიც ემსხვერპლა, ამ დღის შემდეგ ექიმების გმირობაზე ქალაქში ბევრს საუბრობენ. 13 წლის შემდეგ იხსენებენ, რომ "მთელი საავადმყოფო ფეხზე იდგა, ჯარისკაცებს ვამხნევებდით, იცოცხლებ, ნუ გეშინია".
გორის დაბომბვა მომდევნო დღეებშიც გრძელდებოდა, 13 აგვისტოს კი რუსეთის არმიამ ქალაქი დაიკავა. იხილეთ ასევე: