ბოდბელი მთავარეპისკოპოსი პატრიარქის გადაწყვეტილების წინააღმდეგ გამოდის. საპატრიარქოს უნივერსიტეტის რექტორმა, რომელიც თანამდებობაზე უვადოდ ილია მეორეს გადაწყვეტილებით დაინიშნა, გადადგა. სერგო ვარდოსანიძემ გათავისუფლების განცხადება უკვე დაწერა.
მისი უწმინდესობა ახლა ან საკუთარი ნების წინააღმდეგ უნდა წავიდეს და ვარდოსანიძის გათავისუფლებას მოაწეროს ხელი, ან მეუფე იაკობს ღიად უნდა დაუპირისპირდეს.
საპატრიარქოს უნივერსიტეტში დაპირისპირებას არ მალავს თავად სერგო ვარდოსანიძე. "მთავარ არხთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს რომ მასსა და მეუფე იაკობს შორის პრინციპული შეუსაბამობაა. განცხადება გადადგომაზე რექტორის გარდა დაწერა ქართველოლოგიის მიმართულების დეკანმაც.
გავრცელებული ინფორმაციით, მეუფე იაკობსა და ვარდოსანიძეს შორის კონფლიქტი სასწავლო პროგრამებს უკავშირდება. სერგო ვარდოსანიძემ ბოდბელი ეპისკოპოსის მოთხოვნებს, რომლის მიხედვითაც უმაღლეს სასწავლებელში ქართველოლოგიისა და ისტორიის სასწავლო კურსი უნდა შეემცირებინათ, ხელი არ მოაწერა.
პროფესორ-მასწავლებლები ამბობენ, რომ ქართულისა და ისტორიის განყოფილებების გაუქმების მოთხოვნა საქართველოში რუსეთის პოლიტიკური ინტერესის გაგრძელებაა.
სერგო ვარდოსანიძის რექტორის პოზიციიდან წასვლის გამო პასუხებს საპატრიარქოსგან ელოდებიან სტუდენტებიც. ქართული უნივერსიტეტის დახურულ ჯგუფში უკვე დაანონსდა აქცია საპატრიარქოსთან.