შინდისის გმირები - ბრძოლის ისტორია, რომელსაც უკვე 13 წელია ლეგენდად ჰყვებიან 

გამოქვეყნდა:

თენგიზ ცანავა ერთ-ერთი იყო სენაკის ბატალიონის იმ 22 ჯარისკაციდან, რომელიც რუსეთის მოტომსროლელთა ასეულს 2008 წლის 11 აგვისტოს შინდისის მინდვრებში გმირულად ებრძოდა, თუმცა უთანასწორო შეტაკების დროს, ოკუპანტებმა მაშინ ქართველების ალყაში მოქცევა შეძლეს.

ერთდროულად სიამაყისა და ტკივილის განცდა შინდისის გმირების მემორიალთან გამძაფრებულად იგრძნობა. ეს ის ადგილია, სადაც ქართული ოცეული სისხლის უკანასკნენლ წვეთამდე ებრძოდა რუსულ ტანკებს.

ბრძოლა დიდხანს გაგრძელდა. იმდენხანს, რომ წინასწარ ჩასაფრებულ რუსებს დამატებითი ძალების გამოძახება დასჭირდათ. ქართველი ჯარისკაცების წინააღმდეგ გამოიყენეს ყველა შეიარაღება, რაც კი  გააჩნდათ. მათ შორის მსხვილკალიბირანი იარაღიც, ესროლეს ტანკებიდანაც. ბრძოლის დასრულების შემდგომ კი რუსულმა ასეულმა შენობაში მხოლოდ 17 ქართველი იპოვა. მტერმა მათი დამარცხება მას შემდეგ შეძლო რაც ქართველებს ტყვია- წამალი გაუთავდათ.

ამ ბრძოლის ისტორიას უკვე 13 წელია ლეგენდად ჰყვებიან.

ალექსანდრე  ონიანს პრეზიდენტის ბრძანებით დღეს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. სწორედ მისი წყალობით გადაურჩა სიკვდილს 5 დაჭრილი ჯარისკაცი. მას შემდეგ რაც ონიანმა თავი აიფეთქა, დაჭრილი 5 სამხედროც რუსებს დაღუპული ეგონათ. მაშინ ისინი ბრძოლის ველიდან შინდისის მცხოვრებ ბადრი ხუციშვილს ჩუმად გაჰყავდა და უვლიდა.

ადგილზე მისულ გმირების მშობლებსა და ოჯახის წევრებს 17 ჯარისკაცის მონუმენტი წელს ისევ დაუსრულებელი დახვდათ. 

შინდისის გმირების მემორიალი, რომლისთვისაც 2018 წლის შემდეგ ჯამში  1 160 000 ათასი ლარი დაიხარჯა, მაინც ვერ აშენდა, გამოძიება დაწყებულია. საქმეზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლებისა და გაფლანგვისთვის დგება.

გასულ წელს ირაკლი ღარიბაშვილმა პირობა დადო რომ რუსეთ-საქართველოს ომიდან 13 წლის თავზე ბრინჯაოს მონუმენტი დასრულებული იქნებოდა. პრემიერის დაპირება ამჯერადაც არ შესრულდა და ღარიბაშვილის უპასუხისმგებლობის გამოსწორება ახლა მოქმედმა თავდაცვის მინისტრმა სცადა და ახალი პირობა დადო.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 13 წელი გავიდა. ყველა თანხმდება რომ შინდისის ბრძოლა ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმისა და გამორჩეული სიმამაცის ეპიზოდია.

ავტორი: ბარბარე მაზმიშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი