"ძლევაი საკვირველი" | 901 წელი დიდგორის ბრძოლიდან

გამოქვეყნდა:

ზუსტად 901 წლის წინ, 1121 წლის 12 აგვისტოს, დავით IV აღმაშენებლის მეთაურობით ქართველთა ჯარმა თურქ-სელჩუკთა კოალიციური ლაშქარი დიდგორის ველზე დაამარცხა.

დიდგორის ბრძოლა საქართველოს ისტორიისთვის ერთ-ერთი ყველაზე გადამწყვეტია. სწორედ ამ ბრძოლაში გამარჯვებამ მისცა შესაძლებლობა დავით აღამაშენებელს გაეთავისუფლებინა თბილისი 1122 წელს, რომელიც 736 წლიდან არაბთა სახალიფოს ვასალურ ერთეულად, თბილისის საამიროდ იწოდებოდა და გაერთიანებული საქართველოს შემადგენლობაში არ შედიოდა.

ბრძოლაში გადამწყვეტი როლი ითამაშა დიდგორის ველის მთაგორიანმა მდებარეობამ, სადაც საქართველოს ლაშქრის მთავარი ძალა დავით აღმაშენებლის სარდლობით ნიჩბისის ხევით დასავლეთიდან უტევდა მტერს. გარდა ამისა, მთის ერთ-ერთი ფერდიდან ლაშქარის ნაწილს დავითის შვილი დემეტრე სარდლობდა.

თურქ-სელჩუკთა ლაშქრის შემადგენლობა და სარდლობა: 

დიდგორის ბრძოლაში თურქ-სელჩუკთა კოალიციურ ლაშქარს, ნეჯმ ად-დინ ილღაზი სარდლობდა.ის ბაღდადის გამგებელი და აუღებლად მიჩნეული ციხის - მარდინის მფლობელი იყო. დავითის ისტორიკოსის დახასიათებით, იყო "კაცი დაჰმანი (მარჯვე) და მრავალღონე". მან, როგორც სარდალმა, სახელი ჯვაროსნების წინააღმდეგ ბრძოლაში გაითქვა. მანვე დაიპყრო ალეპო.

დიდგორის ველზე თურქ-სელჩუკთა ლაშქარს ასევე სარდლობდნენ: 

დურბეიზი [დუბეის სადაყას ძე] - ქალაქ ჰილას პატრონი, დავითის ისტორიკოსის ცნობით "არაბეთის მეფე".

თოღრულ მოჰამედის ძე - ყაზვინის, ზენჯანის, გილანის, ასეცე 1121-1122 წლებში არანისა და განძის გამგებელი. 

თუღან არსლან კუზიანი - ამირა, ბითლისისა და არზანის მფლობელი, ასევე, ქალაქ დვინის დამპყრობელი.

ბრძოლაში ასევე მონაწილეობდნენ განძის ათაბაგი, ასევე სომხეთის ტერიტორიის ამირები.

ისტორიკოსთა ცნობით, სულთანს არმიაში მოეყარა ყველა "სადაც ვინ იყო... მხედრობად შემძლებელი".

რაც შეეხება რაოდენობას, წყაროების მიხედვით რთულია იმის დადგენა თუ ზუსტად რამდენი მეომარი იბრძოდა თურქ-სელჩუკთა მხარეს. მატიანეთა ნაწილს მონაცემები გაზვიადებული აქვს, ზოგთან კი საამისო ცნობა არ იძებნება.

მატიანეთა ნაწილის ცნობით, ილღაზის ლაშქარში 560 000 მებრძოლი იყო, მეორე ნაწილის მონაცემებით 600 000, წყაროებში ასევე ვხვდებით ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კოალიციურ ლაშქარში 300 000 მეომარი შედიოდა. ამდენივეს ასახელებს ივანე ჯავახიშვილიც, თუმცა, დიდგორის ველის რელიეფიდან გამომდინარე, ამ რაოდენობით ლაშქარი ხეობაში ვერ დაეტეოდა, რაც გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ მონაცემები აშკარად გაზვიადებულია. მიუხედავად ამისა, ფაქტი ერთია, მტრის შემადგენლობა ბევრად აღემატებოდა ქართველთა ლაშქარს.

ქართველთა ლაშქრის შემადგენლობა: 

მატიანეთა ცნობით, ქართველთა ლაშქარი 56 000 მეომრისგან შედგებოდა. მათ შორის იყო 40 000 ქართველი ["სამეფო სპის" მეომარი], 15 000 ყივჩაღი, 500 ოსი და 100 ფრანგი [ჯვაროსანი].

ქართველთა ლაშქრის ძირითად ნაწილს დავითის "სამეფო სპა" წარმოადგენდა, რომელიც 40 000 ქართველი მეომრისგან შედგებოდა. ამას მოჰყვებოდა "როქის სპა" ეს იყო ალან-ოსების დაქირავებული ჯარი. 

ლაშქრის განლაგება და ბრძოლის სამზადისი:

ისტორიკოსთა ცნობით, თურქ-სელჩუკთა ლაშქარას ძირითადად თრიალეთ-მანგლის-დიდგორის მიდამოები ეკავათ და ყველა მისასვლელს ფლობდნენ. კოალიციური ლაშქრის ნაწილს ასევე ეკავა დიღმის ხეობა. რაც შეეხება ქართულ ლაშქარს, ისინი დიდგორის ველზე ნიჩბისის ხეობის გავლით მივიდნენ. ხეობის ერთ-ერთი მთა დავითის ვაჟს დემეტრეს ეკავა, საიდანაც მტერს მოულოდნელად გვერდიდან დაესხა. პირველი ბრძოლა ლაშქრის ძირითად ნაწილს უნდა მიეღო, რომელსაც დავითი სარდლობდა. მას მტრისთვის დასავლეთიდან უნდა შეეტია.

ისტორიკოსთა ცნობით, ბრძოლის დაწყების წინ, დავით აღმაშენებელმა ლაშქარს მგზნებარე სიტყვით მიმართა:

"ეჰა, მეომარნო ქრისტესანო! თუ ღვთის სჯულის დასაცავად თავდადებით ვიბრძოლებთ, არამც თუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართა, არამედ თვით ეშმაკებსაც ადვილად დავამარცხებთ, და ერთ რასმეს გირჩევთ, რაც ჩვენი პატიოსნებისა და სარგებლობისათვის კარგი იქნება: ჩვენ ყველამ, ხელების ცისკენ აპყრობით, ძლიერ ღმერთს აღთქმა მივცეთ, რომ მისი სიყვარულისათვის ამ ბრძოლის ველზე დავიხოცებით და არ გავიქცევით. და რათა არ შეგვეძლოს გაქცევა, კიდეც რომ მოვინდომოთ, ამ ხეობის შესავალი, რომლითაც შემოვსულვართ, ხეთა ხშირი ხორგებით შევკარით და მტერს, როცა მოგვიახლოვდება ჩვენზე იერიშის მოსატანად, მტკიცე გულით დაუნდობლად შევუტიოთ", - უთხრა დავითმა მეომრებს. 

ბრძოლის მიმდინარეობა:

წყაროთა ნაწილის მიხედვით, შეტევაზე პირველი თურქ-სელჩუკთა კოალიციური ლაშქარი გადავიდა. მეორე ნაწილის მიხედვით, რომელიც უფრო მეტად სარწმუნოა, შეტევა ქართველთა ლაშქარმა დაიწყო, კერძოდ მათ გამოეყო 200  ყივჩაღი მეომარი, სელჩუკებმა იფიქრეს ყივჩაღებმა დავითს უღალატესო და ლაშქარში უპრობლემოდ შეუშვეს, რა დროსაც მათ ხმალი იშიშვლესა და მოწინააღმდეგეების ხოცა დაიწყეს. 

დავით აღმაშენებელმა აღნიშნული ტაქტიკური სვლა მტრის ლაშქარში დაბნეულობისა და აჟიოტაჟის შეტანისთვის გამოიყენა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს მის მხედართმთავრულ ნიჭს ხაზს. ისტორიკოსთა ერთი ნაწილის აზრით კი ეს 200 მეომარი არა ყივჩაღი, არამედ ქართველი იყო, სწორედ მათ უნდა მიეცათ დანარჩენი მეომრებისთვის ბრძოლისა და თავდადების მაგალითი.

ამის შემდეგ, თურქ-სელჩუკთა ლაშქარს, ქართველებმა ფლანგებიდან შეუტიეს. დასავლეთიდან, ნიჩბისის ხეობით დავით აღმაშენებლის სარდლობით, ხოლო დიდგორის ერთ-ერთი მხრიდან დემეტრე უფლისწული დაეშვა თავისი ლაშქრით.

"იქმნა სასტიკი ბრძოლა ორი მთის შორის, ისე რომ ლაშქართა საშინელი ხმაურისაგან ეს მთებიც იძახოდნენ" - წერენ მატიანეები.

მოულოდნელი შეტევის შემდეგ მტრის ლაშქარმა უკან დახევა დაიწყო. დავითის ისტორიკოსის ცნობით, ბრძოლა 3 საათს გაგრძელდა. ბრძოლის შემდეგ ქართველთა ლაშქარმა დამარცხებული სელჩუკების დევნა დაიწყო. წყაროების მიხედვით დევნა რამდენიმე დღეს გაგრძელდა. ბრძოლის შემდეგ ქართველთა ლაშქარს დიდი რაოდენობით ტყვე და ნადავლი დარჩა, თავად ილღაზი კი ისტორიკოსთა ცნობით, ბრძოლის ველიდან "სამარცხვინოდ გაიპარა".

ბრძოლის შედეგი:

დიდგორის ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ დავით აღმაშენებელს გზა გაეხსნა თბილისისკენ, რომელიც საბოლოოდ 1122 წელს მისი აღებით დასრულდა, 1123 წელს დავით IV-მ ასევე აიღო დმანისიც. დიდგორის ბრძოლის შემდეგ საქართველოს საბოლოოდ გაერთიანდა და გათავისუფლდა მტრისგან, რამაც უკვე დასაბამი მისცა ქვეყნის ისტორიაში "ოქროს ხანის" დაწყებას. 

დიდგორის ბრძოლა მსოფლიო ბრძოლების ისტორიაში სტრატეგიული და ტაქტიკური თვალსაზრისით ერთ-ერთ ყველაზე საინტერესოდ ითვლება. განსაკუთრებით, მტერთა სიმრავლის გამო, სწორედ ამიტომ ეწოდა მას "ძლევაი საკვირველი".

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი