თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის თქმით, ლორთქიფანიძის ქუჩაზე, ახალი კორპუსის მშენებლობა აღარ გაგრძელდება. როგორც ბენდელიანი განმარტავს, მიწის ჩამოშლაზე პასუხისმგებლობა მშენებელ კომპანიას ეკისრება, რის გამოც უწყებამ ისინი მომხდარის გამო 30 000 ლარით დააჯარიმა.
"მერია არც ერთ ასეთ მშენებელ კომპანიას არ შეეგუება, მათ მიერ ასეთ არასწორად და არათანმიმდევრულად ჩატარებულ სამუშაოებს. აღნიშნული საკითხი გადაიგზავნება შესაბამის სამართალდამცავ უწყებებში საკითხის შემდგომი მოკვლევის მიზნით.
ხაზგასმით შემიძლია ავღნიშნო, რომ იმ ადგილას, სადაც სამშენებლო პროცესები მიმდინარეობდა, კორპუსი აღარ აშენდება. თვითონ ამ ფაქტზეც ჩვენი მუნიციპალური სამსახურის მიერ მოხდენილია შესაბამისი რეაგირება",- თქვა ირაკლი ბენდელიანმა.
ლორთქიფანიძის ქუჩაზე მცხოვრებლების ევაკუაცია მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ათსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის საფრთხე შეიქმნა და მიმდებარე ტერიტორიაზე, მიწის მას ჩამოიშალა. მოსახლეობა ამბობს, რომ ფერდის ჩამოშლა ახალი მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობამ გამოიწვია.