რა არის "ციყვი" და რატომ ეძახის თბილისის მერია თანამშრომლებს "ციყვებს" - როგორც დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი ირაკლი ბაღდავაძე "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი აქცენტები" ამბობს, იქიდან გამომდინარე, რომ ის და მისი კოლეგები ნაგვის მანქანაზე დგანან, მერია მათ თანამდებობას სწორედ "ციყვად" მოიხსენიებს, მათ შორის, ოფიციალურადაც.
ბაღდავაძე იხსენებს, რომ ბანკში, კრედიტის ასაღებად მისულს, ამის გამო უხერხულობაც შეექმნა.
"ორი ადამიანი უკან ჩამოკიდული ვდგავართ მანქანაზე, ე.წ. ბუნკერი რომ ავწიოთ, დავცალოთ მანქანაში და ისევ უკან დავდგათ და ეს ორი ადამიანი აქეთ-იქიდან რომ ვდგავართ მანქანებზე, გექნებათ ყველას დანახული, დაგვარქვეს ასე, ჩამოკიდებულები რახან ვართ, "ციყვები".... და ამათი გასასამართლებელი საბუთი არის ის, რომ პრეტენზია რომ წამოვაყენე, რომ თავმოყვარე ადამიანი ვარ და შრომა ჩემთვის სათაკილო არ არის და რას ქვია "ციყვი" ტაბელში, თუნდაც ბანკში რომ მივედი სესხზე, ახალგაზრდა გოგო იყო და ძაან მაგრად შემრცხვა ჩემი თანამდებობა და როგორი სათქმელია "ციყვი", - ამბობს ირაკლი ბაღდავაძე.
მისივე თქმით, როცა ამ "თანამდებობის" გამო პრეტენზიას გამოხატავს, მერიის თანამშრომლები ეუბნებიან, რომ "შეეშალათ".