საგანგებო მდგომარეობა დასრულდა - შეზღუდვები რჩება

გამოქვეყნდა:

ორთვიანი საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გაუქმებულია, თუმცა შეზღუდვები რჩება.

მთავრობის გადაწყვეტილებით ისევ დაკეტილია რესტორნები და კაფე-ბარები, დიდი სავაჭრო ცენტრები და მოლები, არ მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დახურულია ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიები.

გარდა ამისა ძალაში რჩება პირბადეების გამოყენების აუცილებლობა დახურულ სივრცეებში. 

მოხსნილია პირად ავტომობილში მგზავრთა რაოდენობის შეზღუდვაც.

ცვლილებების თანახმად, დღეიდან 70 წლისა და მეტი ასაკის ადამიანებისთვის სახლიდან გასვლის აკრძალვაც იხსნება.

შეზღუდვები, რომლებიც ძალაში რჩება:

  • სავალდებულოა ნებისმიერ დახურულ სივრცეში პირბადის ტარება და სოციალური დისტანცია; 
  • აკრძალულია სამედიცინო პროდუქციის ექსპორტი;
  • ტაქსიში მგზავრთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ორს, ტაქსის მძღოლი კი ვალდებულია, ატაროს პირბადე;
  • აკრძალულია რესტორანში, ბარსა თუ კაფეში მომხმარებლის ადგილზე კვებით მომსახურება;
  • შეზღუდული რჩება სასტუმროების ფუნქციონირება, გარდა საკარანტინო ზონებისა;
  • იკრძალება ტანსაცმლითა და ფეხაცმლით ვაჭრობა, გარდა ონლაინ ვაჭრობისა;
  • შეზღუდული რჩება სავაჭრო ცენტრებისა და ბაზრობების ფუნქციონირება, გარდა იმ ბაზრებისა, რომლებიც უკვე ფუნქციონირებენ;
  • აკრძალულია სპორტული და კულტურული ობიექტების ფუნქციონირება და ამ ხასიათის ღონისძიებების ჩატარება;
  • იკრძალება აზარტული და მომგებიანი თამაშების წარმოება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ელექტრონული ფორმით;
  • სახელმწიფო სერვისების ნაწილი კვლავ დისტანციურად განხორციელდება;
  • ბიზნეს სუბიექტები ვალდებულები არიან, ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან წარმოდგენილი მოთხოვნები დაიცვან;
  • შეზღუდვები ნარჩუნდება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, როგორც ქალაქებში, ისე საქალაქთაშორისო მოძრაობისას.

მთავრობის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ამ შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნაზე, უკვე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს. 

ცნობილია ისიც, რომ კარანტინი გაუქმებულია ბოლნისის მუნიციპალიტეტში, თუმცა საკარანტინო ზონაში რჩება სოფლები მუშევანი და გეტა. ამ დრომდე, საკარანტინო ზონადაა გამოცხადებული თეთრიწყაროც. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს ამოქმედდა, რის შემდეგაც ბიზნესს შეზღუდვები ეტაპობრივად დაუწესდა. ქვეყანაში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა კი 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი