საოლქო კომისიის თავმჯდომარეებად და საკვანძო ფიგურებად ადამიანები კვლავ ნეპოტისტური და პოლიტიკური ერთგულების ნიშნით ინიშნებიან.
საბურთალოს საოლქო კომისიის თავმჯდომარის შვილი, ხატია ლაჩაშვილი, გლდანის მე-10 საოლქო კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა.
ამავე კომისიის ყოფილი თავმჯდომარემ, ჭაბუკ ჭაბუკიანმა თანამდებობა დატოვა, თუმცა მისი ცოლი სოფიო სილაგაძე მდივნად დანიშნეს.
"ჩემი ნებით დავწერე განცხადება და წამოვედი, არაფერი მიზეზი არ ყოფილა",- ამბობს "მთავართან" ყოფილი თავმჯდომარე ჭაბუკიანი.
საბურთალოს ოლქის კომისიის თავმჯდომარე კი "გვირჩევს", მისი შვილის CV-ს გადავხედოთ
"საბურთალოს ოლქი საბურთალოს ოლქია, გლდანის ოლქი, გლდანის ოლქია, სულ სხვა ინსტიტუციაა. ჯობია კითხვები ადრესატს დაუსვათ, თვითონ დაგიხასიათებთ თავს, ან ჩაიხედეთ მის CV-ში",- ამბობს საბურთალოს საოლქო კომისიის თავმჯდომარე.
ხატია ლაჩაშვილის თქმით, კი "ყველა საჭირო ადგილი აქვს გავლილი, იმისთვის, რომ ამ ადგილამდე მისულიყო."
"მამაჩემს აქვს თავისი ცხოვრება, მე მაქვს ჩემი დამოუკიდებელი ცხოვრება" - ამბობს ლაჩაშვილი
ოპოზიციაში ამბობენ, რომ მმართველი გუნდი თვითმმართველობის არჩევნების გასაყალბებლად ემზადება და პრაქტიკა მსგავსია სხვა საოლქო კომისიების დაკომპლექტების შემთხვევაშიც.
" ხელისუფლება კლანურ სისტემას ქმნის საარჩევნო ადმინისტრაციაში. ნათესაურ-მეგობრული კავშირებით მოხდა საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება. შესწავლილ იქნა დანიშვნების პროცესი საქართველოს მასშტაბით: საოლქო -საარჩევნო კომისიიის ხელმძღვანელ პირებთან და თანამშრომლებთან ნათესაურ კავშირში მყოფი პირები დაინიშნა 8 შემთხვევაში. საჯარო სამსახურების თანამშრომლებისა და საკრებულოს წევრების ნათესაურ კავშირში მყოფი პირები დაინიშნა 13 შემთხვევაში",- ამბობს თამარ კორძაია.
ცნობისთვის, საოლქო საარჩევნო კომისიებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე, ან დამოუკიდებელ წევრებად ინიშნებიან "ქართული ოცნების" მხარდამჭერები.
მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიაში მაია მედულაშვილი არის ამავე კომისიის თავმჯდომარის, გიორგი ზირაქაშვილის ოჯახის წევრი, ასეთივე შემთხვევაა კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიაშიც. ერთ-ერთ საოლქო კომისიაში კი პოლიციის უფროსის მოადგილის ოჯახის წევრი მუშაობს.