ინტოქსიკაციის დიაგნოზით, ახალი წლის დღეებში 1300-ზე მეტი მოქალაქე საავადმყოფოში მოხვდა, მათ დიდი ნაწილი ალკოჰოლური სასმელით მოიწამლა. რა დალიეს და რა ნივთიერებამ გამოიწვია ინტოქსიკაცია, ექიმებს საუბარი უჭირთ. ზუსტი დასკვნით იმ ალკოჰოლის შემოწმებაა საჭირო, რომელიც 31 დეკემბერს მოქალაქეებმა მიიღეს.
არაოფიციალური ინფორმაციით, ინტოქსიკაციის მძიმე შემთხვევები კუსტარულად დამზადებულმა ალკოჰოლურმა სასმელმა გამოიწვია. დღესაც ქუჩაში, გრამობით იყიდება არაყი, რომელსაც არავინ ამოწმებს. 100 გრამის ფასი 50 თეთრია. ვაგზლის მოედანზე ახალი წლის დღეებში ასეთ დახლებთან განსაკუთრებული ხალხმრავლობაა.
ის, ვინც ბაზარში, ალკოჰოლურ სასმელს ლიტრობით ყიდის, ამბობს, პროდუქცია ლაბორატორიაში მოწმდება, თუმცა არცერთ მათგანს დოკუმენტი არ აქვს.
მომხმარებელთა ფედერაციაში ამბობენ, რომ სასმელი, რომელიც უკონტროლოდ ქუჩაში იყიდება, შესაძლოა სიკვდილის მიზეზი გახდეს, ამიტომ სახელმწიფომ ასეთი დახლები მკაცრად უნდა გააკონტროლოს.
ფალსიფიცირებული სასმელი, მხოლოდ ქუჩაში არ გვხვდება, საქართველში უკვე დახურეს კუსტარული საწარმო, სადაც, ცნობილი ბრენდების ალკოჰოლური სასმელის ბოთლებში, სპირტიან წყალს ასხამდნენ.