პირველკლასელები სწავლას 4 ოქტომბერს, საკლასო ოთახებში დაიწყებენ - განათლების სამინისტროს განმარტება

გამოქვეყნდა:

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, პირველკლასელები სწავლას არა 15 სექტემბერს დისტანციურ რეჟიმში, არამედ 4 ოქტომბერს, საკლასო ოთახებში დაიწყებენ. 

სამინისტროს ცნობით, ეს გადაწყვეტილება შეეხება იმ ქალაქებსა და სოფლებს, სადაც სწავლის დაწყების მომენტისთვის ინფიცირების მაჩვენებელი 4%-ზე დაბალი იქნება. 

"ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, პირველკლასელებმა სწავლა არა 15 სექტემბერს დისტანციურ ფორმატში, არამედ 4 ოქტომბერს, დასწრებით ფორმატში, საკლასო ოთახებში  დაიწყონ. ეს გადაწყვეტილება შეეხება მხოლოდ და მხოლოდ იმ ქალაქებსა და სოფლებს, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი სწავლის დაწყების მომენტისთვის 4%-ზე დაბალი იქნება. 

აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება პედაგოგიკურ მოსაზრებას, რომლის თანახმად პირველკლასელთა პირველი სასკოლო გამოცდილება უმჯობესია წარიმართოს საკლასო გარემოში, თანაკლასელებისა და მასწავლებლების გარემოცვაში", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მასშტაბით საჯარო და კერძო სკოლები, პროფესიული სასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები 15 სექტემბერს სწავლას დისტანციურ რეჟიმში დაიწყებენ და ამ ფორმატით სწავლა 4 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

საკოორდინაციო საბჭო შემდეგ გადაწყვეტილებაზე 4 ოქტომბრის მონაცემების მიხედვით იმსჯელებს. ასევე, 4 ოქტომბრის შემდგომ პერიოდში, იმ სოფლებსა და ქალაქებში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი 4%-ზე ქვემოთ ჩამოვა, დისტანციური რეჟიმი მოიხსნება და სწავლა გაგრძელდება დასწრებულ ფორმატში. ამასთან, სკოლებს შესაძლებლობა ექნებათ გააკეთონ არჩევანი დასწრებულ და დისტანციურ სწავლებას შორის. ეს გადაწყვეტილება ვრცელდება პირველკლასელებზეც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი