2 წელი თქვენთან ერთად | დღეს "მთავარი არხის" დაბადების დღეა

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხი" - ტელევიზია, რომელიც 19 დღეში შეიქმნა და დაუჯერებლად მცირე დროში ყველა რეკორდი მოხსნა. "მთავარი ხართ თქვენ" - უკვე 2 წელია, ყველაზე ხშირად გესმით. 

მსოფლიოში არ არსებობს პრეცენდენტი, რომ 19 დღეში გახსნილიყო დამოუკიდებელი ტელევიზია, რომელიც, სულ რაღაც 2 წელში, რეიტინგების სათავეში მოწინავედ დგას. 

მწირი ფინანსებით, თუმცა დიდი ენთუზიაზმითა და რეალისტური ამბიციებით, მოძველებული ტექნიკით, რომელსაც პირდაპირ ეთერშიც არაერთი უხერხულობა შეუქმნია, მაგრამ პროფესიონალებისა და ერთგული ადამიანების გუნდით, პირველივე დღიდან ყველაზე მთავარისთვის - მაყურებლისთვის მუშაობს, სწორედ ამიტომ ხართ მთავარი თქვენ! 

ვიდრე ეს ყველაფერი იქნებოდა, იყო ბევრი ფიქრი, კამათი, სხვადასხვა ვერსია და შემოთავაზება... მაგრამ დრო არ იცდიდა.

სწორედ ამიტომ, რა ხდებოდა ზუსტად 2 წლის წინ, ჩვენს მთავარ დამფუძნებელსა და "მთავარარხელებს" ვთხოვეთ გაეხსენებინათ და გაეზიარებინათ ის ემოციები, რომელიც "მთავარი არხის" შექმნას ახლავს თან.

ნიკა გვარამია - გენერალური დირექტორი:

რამდენიმე ვარიანტი არსებობდა, ერთადერთი ვარიანტი, რომელიც ჩავთვალე, რომ იმუშავებდა, იყო "ომეგას" შემოთავაზება და მოვედით ამ შენობაში, რომელიც ცოტა პატარაა, ვიწროა, კარგად ვერ ვეტეოდით, მაგრამ საუკეთესო ტელევიზია შევქმენით.

შემეშინდა, მაგრამ შიში არის სტიმული მიღწევებისთვის და მნიშვნელოვანი მიღწევაც არის. საუკეთესო ტელევიზიაა, ჩემი აზრით, ქართულ ტელესივრცეში.

 

გიორგი გაბუნია - არხის კრეატიული დირექტორი, "პოსტ ფაქტუმის" წამყვანი:

"თათბირი იყო, ბევრ რაღაცაზე ლაპარაკობდნენ და მე ჩემთვის ჩუმად ვიჯექი და ვხატავდი, რაღაც ბლოკნოტი ვიპოვე, გვარამიას სახლში ვიყავით, ჯერ ოფისიც კი არ გვქონდა. ფანქრით დავხატე, ვაჩვენე პირველ რიგში ნიკას, მერე ყველამ თავის აზრი გამოთქვა, მოეწონათ, მერე მივეცით მარკეტინგის ხელმძღვანელს, დაამუშავეს და საბოლოო სახე ასე მიიღო."

პირველი ეთერი 

"მთავარი არხი" ეთერში 2019 წლის 9 სექტემბერს, ზუსტად 9 საათზე "მთავარი" საინფორმაციო გამოშვებით გავიდა. 

2020 წლის 4 მაისს კი არხის ვებგვერდი - mtavari.tv ჩაეშვა, რომელიც დიზაინით, სიმარტივითა და ტექნიკური შესაძლებლობებით გამორჩეულია და მუშაობს იმისთვის, რომ მკითხველმა ახალი ამბები ოპერატიულად და საინტერესოდ შეიტყოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი