დღეს ელიავას ბაზრობაზე თანამშრომლები იყვნენ შეკრებილნი. მოვაჭრეები ბაზრის გახსნას და მუშაობის უფლებას ითხოვდნენ.
მოვაჭრეების თქმით, კორონავირუსის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა და ბაზრობის დაკეტვამ ისინი ყოველდღიური შემოსავლის გარეშე დატოვა.
ერთერთი ვერსიით, ელიავას ბაზრობა 25 მაისს უნდა გახსნილიყო, მაგრამ აქ მოსულმა მოვაჭრეებმა აღმოაჩინეს, რომ მათი სამუშაო ობიექტები კვლავ დახურულია.
ადმინისტაციას თავად არ აქვს პასუხი, როდის გაიხსნება ბაზრობა. მათ ჯანდაცვის სამინისტროსთან და შესაბამის უწყებებთან უკვე აქვთ კონსულტაციები დაწყებული, თუ რა რეგულაციები უნდა დაწესდეს ბაზრობის გახსნამდე.
მოვაჭრეები ამბობენ, რომ დაიცავენ იმ შეზღუდვებს, რომლებსაც ადმინისტრაცია დააწესებს. მათ დღემდე არც დახმარება მიუღიათ და უმრავლესობას უკვე ვალები აქვს დაგროვილი. ელიავას მოვაჭრეები პროტესტს გამოთქვამენ, რომ გახსნილია ელიავას მსგავსი ტიპის ყველა დახურული ობიექტი, მათი სავაჭრო დახლები თუ მაღაზიები კი კვლავ დაკეტილი რჩება.
საქართველოს იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის ანა დოლიძის თქმით, რომელიც აქციაზე ბაზრობის მოვაჭრეების მხარდასაჭერად იყო მისული, აუცილებელია გაიხსნას ეს და სხვა მსგავსი დაწესებულებები, რადგან ადამიანებმა მუშაობა შეძლონ.
ესენი აქ მოვიდნენ, იმიტომ რომ დღეს უნდა გახსნილიყო ბაზრობა, და ხედავთ, რომ ჩამიჩუმიც არ ისმის. პირდაპირი ვალდებულებაა ადმინისტრაციის და ადგილობრივი მმართველობის, რომ დღეს კი არ დაიწყონ ფიქრი რეგულაციების შესრულებაზე. ეს უკვე შესრულებული უნდა ქონდეთ, რომ ხალხი გავიდეს სამსახურში, - ამბობს ანა დოლიძე.
ელიავას ბაზრობა, სადაც 15000-მდე ადამიანია დასაქმებული, უკვე ორი თვეა დაკეტილია და ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიხსნება.