ნიკოლოზ ბასილაშვილის მამას ძალიანაც რომ უნდოდეს გამოკიდება, ვერავის გაეკიდება, რადგან მუხლებზე პრობლემა აქვს - ამბობს ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი ირმა ჭკადუა.
მისი თქმით, ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს. ჭკადუა ამტკიცებს, რომ ძალადობის ფაქტი არ ჩანს არც ვიდეო-მასალაში, რომელიც სათვალთვალო კამერებიდან არის ამოღებული.
"მტკიცებულება, რომელიც ამოღებულია შემთხვევის ადგილიდან არ დგინდება რაიმე ფორმის ძალადობა.
ამ შემთხვევას ჰყავს შემსწრეებიც, რომლებიც ცალსახად ადასტურებენ, რომ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. აქედან გამომდინარე, იძულებული გახდა ნიკოლოზ ბასილაშვილი დაიცვას თავი.
ისინი დაშორდნენ 2009 წელს. თუკი ბასილაშვილი იყო მოძალადე ქმარი რატომ არ იყო დოროყაშვილი თანახმა განქორწინებაზე. თუკი მასზე სისტემატურად ძალადობდნენ, რატომ არ განაცხადა ამის შესახებ, - ამბობს ადვოკატი ირმა ჭკადუა.
მისივე თქმით, ნელი დოროყაშვილი თავად მივიდა ნიკოლოზ ბასილაშვილის მშობლების სახლში და იმის მიუხედავად, რომ ბავშვის წაყვანის უფლება მისცეს, ის ბასილაშვილის კერძო საკუთრებაში შესვლას ცდილობდა.
"ბასილაშვილს გამოყოფილი აქვს ბავშვის ნახვის ორი დღე, ხუთშაბათი და შაბათი ხუთშაბათი დღე იყო, როდესაც ბასილაშვილმა წამოიყვანა შვილი მშობლების სახლში. მოყვანიდან 40 წუთში მობრძანდა ქალბატონი ნიკოლოზ ბასილაშვილის მშობლების სახლში და ბავშვი წაიყვანა ძალით, არის ჩანაწერები, გამოძიებას ამოღებული აქვს და საქმეში დევს, - ამბობს ჭკადუა "დღის სტუმარში" საუბრისას.
ბასილაშვილს ბრალი ყოფილ ცოლზე ძალადობის მუხლით აქვს წარდგენილი, სასამართლომ ის გუშინ 100 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ყოფილი მეუღლე კი გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას ითხოვს და მტკიცებულებების გასაჯაროებას აპირებს.