კორპუსები, რომლებიც საფრთხის წინაშე დააყენებს თავად მათი მობინადრეებისა და ირგვლივ მყოფთა სიცოცხლესაც. თქვენ ახლა ნახავთ პროექტს, რომელიც ითვალისწინებს ნუცუბიძის ფერდზე, ისედაც კორპუსებით გადაჭედილ ტერიტორიაზე, გზასა და უკვე არსებულ შენობებს შორის დარჩენილ ვიწრო ზოლზე კიდევ დამატებით ტენიან 16-სართულიან კორპუსებს.
თანაც ეს ზოლი ციცაბო ფერდია, 45-თ გრადუსზე მეტი დახრილობით და თან, მთლიანობაში, ეს იგივე კალთაა, ქანების იგივე მყიფე შემადგენლობით, რომელიც ცოტა ხნის წინ თბილისის თავზე დასკდა და ნაპრალებით დაიფარა.
აი, მაინცდამაინც ამ ციცაბო სარისკო ვიწრო ფერდზე იგეგმება ახალი კორპუსების აშენება - წინასწარი სამუშაოები უკვე დაწყებულია, გასამაგრებელი კედელი ამოჰყავთ უკვე.
რაც მთავარი და საგანგაშოა, პროექტი, როგორც ჩანს, შეგნებულად არის მოძველებული ნორმებით შედგენილი, რომ მშენებლობა უფრო იაფი დაჯდეს. ოღონდ ეს შეიძლება ძალიან ძვირი დაუჯდეთ იქ მცხოვრებლებს და მეზობლებსაც - არსებობს სერიოზული საფრთხე, რომ ასეთი ნორმებით და ასეთ ადგილზე აშენებულმა კორპუსებმა ვერ გაუძლოს ძლიერ მიწისძვრას, რომელიც სეისმურად აქტიურ საქართველოში ადრე თუ გვიან მოხდება.