გაჩეხილი ტყე და ქვაღორღის კარიერად ქცეული მტკვრის ხეობა - დიღმის ჭალების ტერიტორია, რომელიც დღეს გაწერილი გენ-გეგმის მიხედვით ყველაზე დაცული რეკრეაციული ზონა უნდა იყოს, საგანგაშო მდგომარეობაშია. ერთადერთი კომპანია, რომელიც ამ ჭალებით არის დაინტერესებული "შპს დიქსი დეველოპმენტ ჯორჯიაა", მისი დირექტორი კი, ლაშა პაიჭაძე, ივანიშვილის დის შვილის კობიაშვილის მარჯვენა ხელი და ბიზნეს პარტნიორია. "დიქსი დეველოპმენტ ჯორჯიას" ამ ტერიტორიაზე მოწყობილი აქვს კარიერი, საიდანაც სამშენებლო მასალებს მოიპოვებენ და შავ ბაზარზე ყიდიან.
საკრებულოს ოპოზიციის მტკიცებით, ეს არის სქემა, რომლითაც ბიძინა ივანიშვილის ოჯახი სახელწმიფო მიწაზე უკანონო მილიონებს შოულობს. ხელისუფლების ოპონენტების ინფორმაციით, სარეკრეაციო ზონის მოსაწყობად 2019 წელს ორი ტენდერი გამოცხადდა, თუმცა, ორივე ტენდერი მალევე გაუქმდა. ოპოზიციის განმარტებით, კახი კალაძემ ივანიშვილის ოჯახის წევრებთან დაპირისპირება ვერ გაბედა.
ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, დიღმის ჭალების ტერიტორიაზე უკანონოდ ტყის ჩეხვა და ადგილზე გამოუყენებელი სამშენებლო მასალის დაყრა 2016 წლიდან დაიწყეს. ადგილობრივებმა მუნიციპალურ სამსახურებსაც მიმართეს, თუმცა მათ რეაგირება არ ჰქონიათ.
იღმის ჭალების ადგილზე სარეკრეაციო ზონის მოწყობის პირობა მოსახლეობას ჯერ კიდევ 2015 წელს მაშინდელმა დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ მისცა, მის შემდეგ კი განმეორებითი პირობა ახლანდელმა მერმა კახი კალაძემ დადო. მერის განცხადებით, ამ ადგილას სადაც ახლა ეკოსისტემა მძიმე მდგომარეობაშია, 2019 წლამდე სხვადასხვა დანიშნულების სტადიონები და გამწვანება უნდა ყოფილიყო.