სუს-ის ყოფილი თანამშრომლის, აკაკი ნემსაძის მეუღლე ამბობს, რომ არ აქვს ინფორმაცია, მან გაავრცელა თუ არა უწყების საიდუმლო მასალები.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, ნემსაძე სწორედ ის პირია, რომელმაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გასაიდუმლოებული კრებსები სოციალურ ქსელში გაასაჯაროვა, შემდეგ კი თავი მოიკლა.
ნემსაძის ცოლი, ვერც თვითმკვლელობის ვერსიაზე საუბრობს და "მთავარ არხთან" საუბრისას ამბობს, რომ ნემსაძეს სამსახურში პრობლემები არ ჰქონია. მისივე თქმით, ის სუს-ის ყოფილი თანამშრომლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, გამოძიების დასრულებას ელოდება.
"არ იყო ისეთი სულელი ბიჭი, რომ ასე გაეკეთებინა, მიზანი არ იყო. პრობლემები რომ ჰქონოდა დაეტყობოდა, ვერ ვატყობდი ვერაფერს. არაფრის არ მჯერა მე, არ ვიცი. გუშინდელი გადაცემიდან მე შოკში ვარ, მართლა ვერ ვხვდები რა ხდება",-თქვა აკაკი ნემსაძის ცოლმა.
გუშინ ინტერნეტ სივრცეში ფარული მიყურადების შესახებ მორიგი ინფორმაცია გავრცელდა. დოკუმენტებში, რომელსაც სავარაუდოდ, სუს-ის ყოფილი თანამშრომელი ავრცელებს, პირდაპირ არის აღწერილი კონკრეტული ადამიანების პირადი ცხოვრება. განსაკუთრებული აქცენტია გაკეთებული მაღალი იერარქიის სასულიერო პირების სექსუალური ორიენტაციისა და მათი წარსულის შესახებ.
დოკუმენტებში საუბარია პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილზე, მოსაყდრე შიოზე, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელ ანდრია ჯაღმაიძესა და პატრიარქთან დაახლოებულ სხვა პირებზე.
პირის ვინაობა, რომელმაც სუს-იდან დაშიფრული ფაილები გამოიტანა, "მთავარმა არხმა" გუშინვე დაადგინა. ფაქტები ადასტურებს, რომ სუს-ის გასაიდუმლოებული კრებსების გავრცელების მიღმა, დიდი ალბათობით ლილუაშვილის უწყების სპეციალური დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლი აკაკი ნემსაძე დგას. ადამიანმა, რომელმაც წლები გაატარა სუს-ში, საბოლოოდ ამხილა დანაშულებრივი სისტემა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.