უკანონოდ გავრცელებული ოპერატიული თვალთვალის უდიდესი ნაწილი საპატრიარქოს შიგნით
მნიშვნელოვან პროცესებს ეხება. ერთ-ერთი ფაილი, სადაც სასულიერო პირების კონკრეტული გვარები იკითხება, მომავალი პატრიარქის ვინაობას უკავშირდება.
ბიძინა ივანიშვილი, ფარულ ჩანაწერებში პირადად ინტერესდება, ვის სურს პატრიარქობა ილია მეორეს შემდეგ. ამ ინფორმაციას კი იმ სასულიერო პირისგან იღებს, რომელიც ივანიშვილის ოჯახთან მჭიდრო კავშირშია. სუსის კრებსები მამა ბართლომეს ივანიშვილთან სტუმრობის ეპიზოდსაც მოიცავს.
არქიმანდრიტმა ბართლომე ფირცხალაშვილმა მონაზონ ბარბარე ივანიშვილს აცნობა, რომ სტუმრად საჩხერეში იმყოფებოდა ბიძინა ივანიშვილთა ოჯახში. ფირცხალაშვილის სიტყვებით ბიძინა ივანიშვილი დაინტერესდა, რომელ მღვდელმთავარს აქვს პატრიარქობის ამბიცია, რაზეც ფირცხალაშვილმა დაასახელა - მიტროპოლიტი იობი აქიაშვილი, დანიელ დათუაშვილი, დიმიტრი შიოლაშვილი და აბრაამ გარმელია. ფირცხალაშვილი აღნიშნავს, რომ ხსენებული მიტროპოლიტებიდან ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მეუღლემ ეკატერინე ხვედელიძემ დადებითად დაასახელეს აბრაამ გარმელია, უარყოფითად შეაფასეს იობი აქიაშვილი.
მომავალი პატრიარქის საკითხზე ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ინტერესი რომ დიდია, კარგად ჩანს სუსის ოპერატიული კრებსებიდან. ფარული თვალთვალისა და მიყურადების ფაილებში, ამ ერთი დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ხელისუფლება ცდილობს იმ დაჯგუფების შესახებ ინფორმაცია მიიღოს, ვინ დაუჭერს მხარს მეუფე შიოს კანდიდატურას, თუკი ის ერთ-ერთი იქნება საპატრიარქო ტახტისთვის ბრძოლის გზაზე.
საიდუმლო ფაილები პატრიარქის სამდივნოს თითქმის ყველა წევრის თვალთვალს მოიცავს. საპატრიარქოსთან დაახლოებულ საერო და სასულიერო პირებს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები უთვალთვალებდნენ ყველგან, კონტროლდებოდა მათი პირადი მიმოწერები და გადაადგილებები.
სუსი წლების განმავლობაში უთვალთვალებდა, ვისთან ჰქონდათ კავშირი სასულიერო პირებს, კრებსების დიდი ნაწილი მღვდლებისა და მღვდელმთავრების სექსუალურ კავშირებს მოიცავს, ზოგიერთი ფაილი კი მძიმე დანაშაულის შემცველია...