ხელისუფლებისა და საპატრიარქოს მამხილებელი კიდევ ერთი სკანდალური მტკიცებულება სუს-ის კრებსებში - უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონილ მასალებში შავით თეთრზე წერია, რომ ციანიდის საქმე გაყალბებულია და დამნაშავის კვალი არა ციხეში, სადაც დეკანოზია გამოკეტილი, არამედ ისევ სამღვდელოებამდე მიდის.
ირკვევა, რომ ციანიდის საქმე სუს-ში ერთ-ერთი პრიორიტეტულია, შესაბამისად, გასაკონტროლებელთა სიაც ვრცელია, უსმენენ ყველას ვისაც რაიმე შემხებლობა ჰქონდა ბრალდებულთან ან მის გარემოცვასთან და, რა თქმა უნდა, სასულიერო პირებს.
"დანაშაულის დაგეგმვისა და ციანიდის შეძენის ფაქტი დანაყოფის მიერ არ დაფიქსირებულა, თუმცა ოპერატიული მუშაობის შედეგად ცნობილი იყო გ. მამალაძის უარყოფითი დამოკიდებულება შ.თეთრუაშვილის მიმართ"
ამას სუს-ის 2019 წლის ე.წ ცნობაში ვკითხულობთ. ლილუაშვილის უწყება ამ მონიტორინგით თავადვე ადასტურებს რომ გამოძიებას მსჯავრდებული დეკანოზის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ ჰქონდა. ანუ უფრო მარტივად რომ ვთქვათ, გიორგი მამალაძე ციხეში იმ დანაშაულისთვის გამოკეტეს, რომელსაც მას ვერ უმტკიცებდნენ.
"მოპოვებული ინფორმაციით, მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული საპატრიარქოს თანამშრომლებთან ელპიტე (ია) ლათიბაშვილთან და ათანასია (თამარ) ჯიქიძესთან სხვადასხვა დროს შემდგარ საუბრებში აღნიშნავს, რომ არ მოსწონს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ციანიდის საქმის წარმოებაში არ მიღებასთან დაკავშირებით. იგი მიიჩნევს, რომ მსგავსი გადაწყვეტილებით ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს გზა გაუხსნეს სტრასბურგის სასამართლოში, სადაც მას დიდი ალბათობით გაამართლებენ. ზ. იარაჯული აღნიშნავს, რომ ასეთ ვითარებაში ყურადსაღები გ. მამალაძის გამართლება კი არა, არამედ ციანიდის საქმეში ჩართულ იმ პიროვნებათა გამოვლენა იქნება, ვისი გამოჩენაც არ სურდა საპატრიარქოს. მთავარეპისკოპოსი მიიჩნევს, რომ სიტუაცია საკმაოდ არეულია, არაპროგნოზირებადია სინოდის წევრთა სამომავლო ქმედებები და შესაძლოა, გარკვეული გარემოებები გადავიდეს საშიშ ფაზაში"
სუს-ის კრებსებში მოხვედრილი ამ საუბრით მსჯავრდებული დეკანოზის საქმე თავდაყირა დგება. ირკვევა, რომ ციანიდის სკანდალური ბრალდების რეალური ფიგურანტები არა ციხეში, არამედ ეკლესიის წიაღში უნდა ვეძებოთ. რას გულისხმობდა მთავარეპისკოპოსი ზენონი საშიშ ფაზაში გადასვლაში ეს უცნობია. ფაქტია, სამღვდელოებას სტრასბურგში ციანიდის საქმის სტრასბურგში გაგრძელება არ სურს, რადგან იციან, რომ დეკანოზი უდანაშაულოა და ევროპული სასამართლო ამას იტყვის.
ციანიდის საქმესთან შემხებლობაში მყოფ ყველა პირს უსმენდნენ. აკონტროლებდნენ მათ გადაადგილებას, პირად ცხოვრებას, ახლო კონტაქტებს, ინტერესებს - კომპრომატებს აგროვებდნენ იმისთვის, რომ ერთ დღესაც ისინი უბრალოდ გაეჩუმებინათ. სუს-ის დაკვირვების ობიექტთა რიცხვში ბევრი ადამიანი მოხვდა, მათ შორის მსჯავრდებული დეკანოზის მეუღლე ია გაბაიძე, ძმა თორნიკე მამალაძე, ადვოკატები. ლილუაშვილის უწყებამ ყველა პირად კონტროლზე აიყვანა და ყველას ცხოვრებას სწავლობდა. სუს-ი უსმენდა დიპლომატებსაც.